გიორგი მამარდაშვილი მე-6 ქართველია, ვინც ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშა - რატი ალექსიძის, მიხეილ ყაველაშვილის, ზურაბ ხიზანიშვილის, თემურ ქეცბაიასა და გიორგი ქინქლაძის შემდეგ.
ალექსიძემ, ჩელსის რიგებში, 2000-01 წლების სეზონში, 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამურად 18 წუთი გაატარა.
ყაველაშვილი მანჩესტერ სიტის რიგებში თამაშობდა - 1995-96 წლების სეზონში 4 შეხვედრაში გავიდა მინდორზე. სადებიუტო შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ითამაშა და პეტერ შმეიხელს გოლიც გაუტანა - მისმა გუნდმა 2:3 წააგო. მეტი აღარ გაუტანია.
ხიზანიშვილი, 2005-09 წლებში, ბლექბერნის შემადგენლობაში თამაშობდა და ინგლისის მთავარი ლიგის 62 თამაშში იყო მოედანზე გასული. აქტივში 1 გოლი და 1 ასისტი ჰქონდა - ორივე პირველსავე სეზონში.
ქართველთაგან პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი გოლი თემურ ქეცბაიას აქვს გატანილი. 1997-2000 წლებში ნიუკასლის შემტევი იყო და 77 შეხვედრაში 17 საგოლე მოქმედება დააგროვა - 8 გოლი და 9 ასისტი.
გიორგი ქინქლაძეს ორი ქართული რეკორდი ეკუთვნის - მატჩებისა და საგოლე პასების. 1995-96 წლების სეზონი სიტიში გაატარა, 1999-2002 წლებში კი დერბის მაისურით თამაშობდა. ჯამურად 102 შეხვედრა ჩაატარა - 7 გოლი და 13 ასისტი.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილის პრემიერ ლიგური დებიუტი სტემფორდ ბრიჯზე, ჩელსის წინააღმდეგ შედგა. 4 სეივი ჰქონდა და გოლებში მისი დადანაშაულება არ შეიძლება. მისმა გუნდმა 1:2 წააგო და ჩემპიონატის ლიდერობა არსენალს გადააბარა.
The Athletic-ის ინფორმაციით, მამარდას კონკურენტი ალისონ ბეკერი მოედანს, სავარაუდოდ, ნოემბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ დაუბრუნდება. იქამდე ლივერი, ჩელსის გარდა, იუნაიტედთან, რეალთან და სიტისთან ითამაშებს.