ჟოზე მოურინიო რეალში დანიშვნასთან ახლოსაა.
The Athletic-ის ინფორმაციით, მომავალ კვირას პორტუგალიელი სპეციალისტი მადრიდელთა პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდება. მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებას საბოლოოდ გააფორმებენ.
წყაროები ამტკიცებენ, რომ მოურინიომ ბენფიკას ხელმძღვანელობას უკვე მიანიშნა კლუბიდან წასვლის შესახებ. ლისაბონში სიტუაციის კურსში არიან და შემცვლელის ვარიანტებს უკვე განიხილავენ.
ბენფიკა მოურინიოს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის უარს იტყვის. თავად მწვრთნელმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, კვირას ეშტორილთან გასამართ მატჩამდე ამ შეთავაზების განხილვა და ანალიზი არ სურს.
მოურინიოს მოქმედი კონტრაქტი ბენფიკასთან კიდევ ერთ წელს ითვალისწინებს, თუმცა მასში დევს გამოსასყიდი პუნქტი, რომლის გააქტიურებაც სეზონის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
საინტერესოა, რომ ახალი მწვრთნელის შერჩევის გადაწყვეტილებას ამჯერად პირადად პერესი ლობირებს. გასავალ სეზონში ხაბი ალონსოს დანიშვნას კლუბის გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი კურირებდა, პრეზიდენტმა კი კანდიდატურა მხოლოდ დაამტკიცა.