ბარსელონასა და ატლეტიკ ბილბაოს მატჩზე, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით (2:0) დასრულდა, ფეხბურთი მეორე პლანზე გადავიდა. კამპ ნოუს ტრიბუნები ათასობით კატალონიური დამოუკიდებლობის დროშით აივსო.
პოლიციის ძალადობა და შეცვლილი გეგმები
ფანების მასშტაბური პროტესტი გასულ კვირას, ელჩეში მომხდარ სკანდალურ ინციდენტს მოჰყვა. მატჩის მიმდინარეობისას ესპანეთის პოლიციამ ბარსელონას გულშემატკივარს დამოუკიდებლობის დროშა წაართვა და ფიზიკურად გაუსწორდა.
მომხდარის გამო, კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებული 8 ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიაც კი გააუქმა და ის პროტესტის ნიშნად, კატალონიური დროშების აღმართვის ღონისძიებით ჩაანაცვლა.
VIDEO: სკანდალი თამაშამდე - პოლიციის ძალადობა ბარსას ფანის მიმართ
10,000 დარიგებული დროშა და მწვავე განცხადებები
მატჩის დაწყებამდე „კატალონიის ეროვნულმა ასამბლეამ“ (ANC) სტადიონის გარეთ გულშემატკივრებს 10,000-მდე დროშა დაურიგა. ასამბლეის პრეზიდენტმა, ჟოზეპ ვილამ მომხდარზე მწვავე განცხადება გააკეთა:
საუკეთესო პასუხია, რომ სტადიონები ღირსეულად ავავსოთ დამოუკიდებლობის დროშებით, და არა მხოლოდ კამპ ნოუზე. ეს აუცილებელია ანტიკატალონიური სიძულვილის, ქსენოფობიისა და სრულიად გაუმართლებელი ძალადობის ფონზე
პოლიტიკური სკანდალის გამო, ესპანეთის მთავრობამ უკვე დაიწყო გამოძიება და პოლიციის მხრიდან „ძალის არაპროპორციული გამოყენება“ საჯაროდ აღიარა. ბარსელონას ხელმძღვანელობამ კი დაადასტურა, რომ ნაცემ გულშემატკივარს სრულ იურიდიულ მხარდაჭერას გაუწევს.