ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდული დერბი შედგა.
რეალისა და ატლეტიკოს შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა. როხიბლანკო ჯულიანო სიმეონეს ქუსლით პასის შემდეგ ადემოლა ლუკმენმა დააწინაურა და თავის გუნდს პირველი ტაიმი მოაგებინა.
მეორე ტაიმი რეალმა აქტიურად დაიწყო და მალევე თამაშის მოტრიალება შეძლო. 52-ე წუთზე ბრაჰიმ დიასის წაქცევის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც ვინისიუს ჟუნიორმა შეასრულა ზუსტად, აქედან 3 წუთში კი ატლეტიკოს მცველების შეცდომით ფედე ვალვერდემ ისარგებლა და ბლანკოსი წინ გაიყვანა.
66-ე წუთზე, ლა ლიგის ზედიზედ მე-2 მატჩში ნაჰუელ მოლინამ შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა.
72-ე წუთზე კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის კარგი თამაშის შემდეგ ბურთი ვინისიუს ჟუნიორს მიუვიდა, რომელმაც ეფექტური დარტყმით დუბლი შეასრულა და რეალი კვლავ წინ გაიყვანა.
77-ე წუთზე არბელოას გუნდი ცუდ სიტუაციაში ჩავარდა. ფედე ვალვერდემ შეცვლაზე შემოსულ ალექს ბაენას უკნიდან ჩაარტყა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა და რეალი 10 კაცით დარჩა, თუმცა ატლეტიკომ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა.
ამ მოგებით რეალმა 69 ქულა დააგროვა და ლა ლიგის ლიდერ ბარსელონასთან სხვაობა 4 ქულაა, ატლეტიკო კი 57 ქულით მე-4 ადგილზე რჩება და ვილიარეალს 1 ქულით ჩამორჩება.