ფიბა-მ გიორგი შერმადინს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის MVP-ის სტატუსი მიანიჭა.
ლაგუნა ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა გალათასარაისთან პირველ შეხვედრაში 14 ქულა მოაგროვა, მეორეში - 12, გადამწყვეტ მატჩში კი ბენეფისი ჰქონდა და გუნდის 1/2 ფინალში გასვლაში მთავარი როლი შეასრულა.
შერმომ 18:52 წუთში 20 ქულა, 14 მოხსნა (4 შეტევაში), 3 ასისტი მიითვალა. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 35 შეადგინა, რასთან ახლოსაც კი არავინ ყოფილა - ხაიმე ფერნანდესსა და ფრან გერას ასევე 18-18 ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი კალათბურთელია, ვინც 20 წუთზე ნაკლებ დროში 20+ ქულა და 10+ მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
"არაფერი შეცვლილა, ის ამას წლების განმავლობაში თანმიმდევრულად აკეთებს, ჩვენ ვიცით, რამდენად შეგვიძლია მასსა და მის პროდუქტიულობაზე დაყრდნობა. ამდენი წლის შემდეგ ამას შევეჩვიეთ, ეს უკვე ჩვეულებრივობაა", - ამბობს შერმადინზე მისივე თანაგუნდელი, მარსელინო ჰუერტასი.
ლაგუნა ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის 4 საუკეთესო გუნდში მოხვდა და ესპანეთისვე ქალაქ ბადალონაში გასამართ ოთხთა ფინალში მიიღებს მონაწილეობას - 7 მაისს, 1/2 ფინალში, რიტას ვილნიუსს შეხვდება. მეორე 1/2 ფინალში უნიკახა მალაგა ათენის აეკ-ს დაუპირისპირდება. ფინალური მატჩი 9 მაისსაა ჩანიშნული.
სუპერ შერმადინი - ქართველმა MVP-მ ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა