დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, ლუქსემბურგულ მონდორფთან ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა.
"სამწუხაროა, რომ 90 წუთში თამაში წავაგეთ, მაგრამ კარგია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელით. როდესაც მომენტებს ვერ იყენებ, ყოველთვის არის საფრთხე, რომ გოლი გაუშვა და ასეც მოხდა.
ბიჭების მონდომებითა და თავდადებით კმაყოფილი ვარ, თუმცა იმავეს თამაშის ხარისხზე ვერ ვიტყვი. ასეთი თამაშით, მომდევნო ეტაპზე გაგვიჭირდება და, ზოგადად, შორს ვერ წავალთ.
ჩვენი ჩემპიონატის დონე ევროტურნირების დონისგან ძალიან განსხვავდება და გვჭირდება, რომ მეტი ძლიერი გუნდი გვყავდეს, რათა კონკურენცია და ხარისხი ამაღლდეს.
რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელთა ინტეგრაციას, სადაც მიმუშავია, ყველგან ვცდილობდი, რომ შანსი ახალი თაობისთვის მიმეცა. ეს ბიჭები მე-3 ლიგაში თამაშობდნენ და ახლა ძირითად გუნდში, უკვე ევროტურნირებზე იღებენ წუთებს. მათით კმაყოფილი ვარ და, იმედია, მეტ სათამაშო დროს მიიღებენ, განვითარდებიან და პირველ გუნდს გამოადგებიან. ჯობია, რომ თავის გამოჩენისა და ზრდის შანსი ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს მივცეთ, ვიდრე ამავე მიზნით უცხოელები ჩამოვიყვანოთ. მოთამაშებიის გაყიდვა კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ევროპიდან მიწვევის შემთხვევაში, ხელს არავის შევუშლით.
დარწმუნებული ვარ, ჟალგირისი უფრო მაღალი დონის მეტოქე იქნება. კარგია, რომ პირველი შეხვედრა სახლში გვაქვს, შევეცდებით, ლიეტუვაში მაქსიმალურად კომფორტული ანგარიშით წავიდეთ, თუმცა ადვილი თამაში არც აქ იქნება და არც - იქ. თანაც, ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშობენ და ესეც დამატებითი სირთულეა.
წესით, ივლისის ბოლოსთვის, როცა ჟალგირისთან საპასუხო მატჩი გვაქვს, გუნდში ახალი ფეხბურთელებიც გვეყოლება. გვჭირდება ისეთი სტილის შემტევები, რომელთაც თამაშის რიტმის კონტროლი შეუძლიათ. ასევე, ერთ-ერთი პრიორიტეტული პოზიცია მარჯვენა გარემარბია. კვირის ბოლომდე ახალი დეტალები გვეცოდინება", - განაცხადა ქეცბაიამ.
დინამო თბილისი, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიეტუვურ ჟალგირის ვილნიუსს შეხვდება. პირველი თამაში თბილისშია (23 ივლისს), ხოლო საპასუხო - ვილნიუსში (30 ივლისს).
დამატებით დროში გაათანაბრეს - დინამომ ლუქსემბურგული ბარიერი დასძლია