არსენალის ნახევარმცველმა, დეკლან რაისმა, ვესტ ჰემის გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია მას შემდეგ, რაც კლუბის პრემიერ ლიგიდან გავარდნას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა.
ვესტ ჰემის ყოფილმა კაპიტანმა ემოციური გზავნილი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ნუნუ ესპირიტუ სანტუს გუნდი სეზონის ბოლო ტურში ჩემპიონშიფში ოფიციალურად გავარდა.
ზუსტად იმ დღეს, როდესაც ვესტ ჰემი ლიგიდან გავარდა, რაისი არსენალთან ერთად პრემიერ ლიგის ჩემპიონობას ზეიმობდა. ეს მისი პირველი დიდი ტიტულია 2023 წელს ვესტ ჰემთან ერთად კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იგებს რაისი ყოფილი გუნდის გავარდნის ამბავს არსენალის საჩემპიონო თასის გადაცემის მოლოდინში. ბევრი გულშემატკივარი გაოცებული დარჩა იმით, თუ რამდენად განიცადა მან ეს მომენტი. ნებისმიერი ეჭვი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მისთვის ძველი კლუბი, რაისმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული გულწრფელი პოსტით გაფანტა.
„საშინლად გულგატეხილი ვარ ვესტ ჰემის გავარდნის გამო. ეს კლუბი ჩემთვის მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს.მროგორც ადრეც მითქვამს, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, რომ არა ყველაფერი, რაც ამ კლუბმა ჩემთვის გააკეთა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი ძალიან მალე დაბრუნდებიან იქ, სადაც მათი ადგილია - პრემიერ ლიგაში. მე ყოველთვის მათი გულშემატკივარი ვიქნები," - დაწერა რაისმა.
ამ პოსტს ვესტ ჰემის ქომაგების მხრიდან უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა მათგანმა აღიარა, რომ სათანადოდ ვერ აფასებდნენ, თუ რამდენად ძლიერი იყო რაისის კავშირი კლუბთან. სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები ყოფილ კაპიტანს აქებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ლონდონ სტადიუმზე მომავალი დაბრუნებისას მას აპლოდისმენტებით უნდა შეხვდნენ.