ლეო მესი თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ სტადიონზე, ბუენოს-აირესის მონუმენტალზე ბრუნდება.
2027 წლის 19 იანვარს, ინტერ მაიამი და რივერ პლეიტი წინასასეზონო მზადების ფარგლებში ერთმანეთს გრანდიოზულ ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან.
ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი ლეგენდისთვის ეს დაბრუნება განსაკუთრებით ემოციური იქნება. სულ რაღაც 3 თვის წინ მან ეროვნულ ნაკრებთან გამოსამშვიდობებელი მატჩი სწორედ ამ არენაზე ჩაატარა (და ბენინის ნაკრებს გოლიც გაუტანა), ახლა კი ათასობით გულშემატკივარს მისი ჯადოქრობის ხილვის შესაძლებლობა კვლავ მიეცემა.
მოედანზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა გველოდება. მესისთან ერთად, გულშემატკივრები იხილავენ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ლუის სუარესი, ნიკოლას ოტამენდი, კაზემირო, გონსალო მონტიელი, როდრიგო დე პაული და ანხელ კორეა. ყველა მათგანის ხილვა ერთ მატჩში მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ინტერ მაიამისა და რივერ პლეიტის დაპირისპირება საფეხბურთო პროექტების ზრდისა და საერთაშორისო წარმატების ნამდვილი ზეიმი იქნება. ღონისძიების ორგანიზებას კომპანია COC Global უზრუნველყოფს, რომელიც ფანებს მხოლოდ 90-წუთიან მატჩს კი არა, დამატებით გასართობ აქტივობებსა და დაუვიწყარ შოუს ჰპირდება.