ბარსელონას ვარსკვლავმა პედრიმ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ ჭორები კატეგორიულად უარყო.
ლა ლიგის ჩემპიონებთან ერთად ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, ესპანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კატალონიურ გრანდში თამაში მისი ბავშვობის ოცნება იყო და გუნდის შეცვლას არანაირ პირობებში არ აპირებს.
ბარსელონაში თამაში საუკეთესოა, რაც კი არსებობს. ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ახლა ამას არაფერზე გავცვლი
ფეხბურთელის ოჯახს კლუბთან მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს - ბაბუამისმა ბარსელონას ფან-კლუბი დააარსა, რაც შემდგომში მამამისმა გააგრძელა. პედრიმ აღნიშნა, რომ ბავშვობაში მატჩებს სწორედ ამ ფან-კლუბის შენობაში უყურებდა. მან ასევე გაამჟღავნა თავისი ზედმეტსახელის ისტორია, რომელიც ბავშვობაში მწვრთნელებმა შეარქვეს, რათა სხვა თანაკლასელისგან გამოერჩიათ, რადგან ის უფრო პატარა და გამხდარი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში 43 მატჩში 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, ესპანელი საკუთარ თავს მკაცრად აკრიტიკებს. ის ბავშვობაში ჩავისა და ანდრეს ინიესტას თამაშს სწავლობდა, ახლა კი სურს, რომ საკუთარი გოლებისა და ასისტების მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესოს. პედრი მთელ ენერგიას ვარჯიშსა და რეაბილიტაციას უთმობს, ახლა კი მისი მიზანი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევაა, რომელსაც 15 ივნისს, კაბო-ვერდესთან მატჩით დაიწყებენ.