თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლით დასრულების შემდეგ, ლუკა მაისურაძემ ემოციები მედიას გაუზიარა.
"აქაურ გარემოში, გადაჭედილ დარბაზში გამარჯვება სასწაული ემოციების მომცემია, უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ. ევროპის ჩემპიონი მეორედ გავხდი, თუმცა პირველ გამარჯვებას ასეთი დიდი ემოციები არ ჰქონია. დღეს განცდილი ემოციები და წუთები არასდროს დამავიწყდება.
მოგეხსენებათ, რთული პერიოდი გამოვიარე, თუმცა დაბრუნების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოვიპოვე და ევროპის ჩემპიონი გავხდი, ვამაყობ ჩემი ოჯახითა და საკუთარი თავით. ასევე, დიდ მადლობას ვუხდი ზებედა რეხვიაშვილს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ჩემ გვერდით იყო და ამ გამარჯვებებში მისი მნიშვნელოვანი წვლილია.
ბულგარელ მეტოქესთან შეხვედრას გამოვყოფდი, მასთან 2 ბრძოლა მქონდა წაგებული და დღესაც ვაგებდი, რაც ძალიან არ მინდოდა მომხდარიყო. ძალების მობილიზება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელი, რაშიც ტრიბუნებიდან წამოსული ატმოსფერო ძალიან დამეხმარა", - აღნიშნა მაისურაძემ.
ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა - პირველად 2022 წელს, სოფიაში. ასევე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფლობს - 2023 წელს, დოჰაში მოიპოვა.
3 სატურნირო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 5 მედალი აქვს - მაისურაძის გარდა, ოქრო ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს, გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი კი ვერცხლის მედალს დაეუფლნენ.
ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია!