UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ისტორიულ მიღწევასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
მახაჩევი 77 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს, UFC 330-ის მთავარ ბრძოლაში, კვირას, ფილადელფიაში, მისი მეტოქე იენ მაჩადო გარი იქნება.
34 წლის დაღესტანელს UFC-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერიის რეკორდი ანდერსონ სილვასთან ერთად ეკუთვნის, ორივეს ზედიზედ 16 გამარჯვება აქვს. გარის დამარცხების შემთხვევაში კი მახაჩევი ახალ რეკორდს დაამყარებს.
თუმცა, მახაჩევმა განაცხადა, რომ გამარჯვებათა სერიის გაგრძელებას მანამდე აპირებს, სანამ მის რეკორდთან მიახლოებაც კი უკიდურესად რთული არ გახდება.
„17 გამარჯვება საკმარისი არ იქნება. მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემს რეკორდს ვერავინ მოხსნის. მინიმუმ 20 გამარჯვება იქნება. ასეა. ბრძოლას გავაგრძელებ და ყველა რეკორდს მოვხსნი“, - განაცხადა მახაჩევმა UFC 330-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მახაჩევი, რომელიც მანამდე მსუბუქი წონის ჩემპიონი იყო, უკვე მიიჩნევა თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად. თუ გარის დაამარცხებს, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლებს შორის ადგილის დასამკვიდრებლად კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.
გასულ წელს ის ქვესაშუალო წონაში გადავიდა და მეორე წონით კატეგორიაში ჩემპიონობა მოიპოვა - ნიუ-იორკში, UFC 322-ზე, ჯეკ დელა მადალენა დამაჯერებლად დაამარცხა.
მსუბუქ წონაში ჩემპიონობის პერიოდში მახაჩევმა ქამარი 4-ჯერ დაიცვა და დაამარცხა ისეთი მებრძოლები, როგორებიც ალექსანდერ ვოლკანოვსკი (2-ჯერ), ჩარლზ ოლივეირა და დასტინ პორიე არიან.
პროფესიონალურ კარიერაში მისი შედეგი 28 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხია. ერთადერთი მარცხი მახაჩევმა 2015 წელს, UFC-ში ჩატარებულ მეორე ბრძოლაში იწვნია.
გარიმ მახაჩევს „ფენომენალური ტალანტი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ისტორიის დაწერის საშუალებას არ მისცემს.
მახაჩევის დამარცხება დაამტკიცებს, რომ განსაკუთრებული ვარ. აქ მყოფი ყველა ადამიანი, ამ არენაზე მყოფი ყველა გულშემატკივარი მას პლანეტის ნომერ პირველ P4P მებრძოლად მიიჩნევს.
თქვენ ფიქრობთ, რომ ამჟამად ის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლია. როცა მას დავამარცხებ, ყველანი ხმას ჩაიგდებთ და დიდებულ მებრძოლად მაღიარებთ“, - განაცხადა გარიმ პრესკონფერენციაზე.
რას გეგმავს იან მაჩადო გარი UFC 330-ზე?