სადიო მანე 11.7 მილიარდ CFA ფრანკს (დაახლოებით 20.4 მილიონ დოლარს) აგროინდუსტრიულ კომპლექსში აბანდებს, რომელიც სენეგალში ახალი მანგოს დახარისხებასა და ექსპორტზე იმუშავებს, პარალელურად კი მანგოს რბილობს, ჩირსა და მანგოს კარაქს აწარმოებს.
აგროინდუსტრიული პარკის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრა 19 სექტემბერს შედგა. პროექტი მოიცავს გადამამუშავებელ საწარმოებს, 500 ჰექტარზე გაშენებულ მანგოს პლანტაციასა და სასოფლო-სამეურნეო კოლეჯს. გეგმის მიხედვით, პროექტის ფარგლებში დაახლოებით 1 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ტერიტორიაზე დაახლოებით 78 000 მანგოს ხე დაირგვება, პირველი მოსავალი კი სამ წელიწადშია მოსალოდნელი. საწარმო ყოველწლიურად დაახლოებით 8 500 ტონა მანგოს გადამუშავებას შეძლებს.
პროექტის მიზანია სენეგალის მანგოს ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მოგვარება, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული სირთულეების შემცირება.
სენეგალი ყოველწლიურად ათიათასობით ტონა ახალ მანგოს ექსპორტზე, ძირითადად ევროპაში, აგზავნის, თუმცა ქვეყანაში მოყვანილი მანგოს მხოლოდ დაახლოებით 2% მუშავდება ადგილობრივად.
SM10 AGRO-ს მიზანია, ეს მოცემულობა შეცვალოს და მანგოსგან ისეთი პროდუქტები აწარმოოს, რომელთა შენახვაც უფრო დიდხანს იქნება შესაძლებელი და მათი რეალიზაციაც უფრო მეტ ბაზარზე მოხდება.
კომპანია პროდუქციის გაყიდვას როგორც სენეგალში, ისე აფრიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გეგმავს.
პროექტის ინიციატორები ვარაუდობენ, რომ საწარმო საქმიანობის მეორე წელს უკვე მომგებიანი გახდება, ხოლო ინვესტიციიდან მოსალოდნელი უკუგება 100%-ზე მეტი იქნება.
მანესთვის სოფლის მეურნეობის ეს პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია ფეხბურთის მიღმა საკუთარი საინვესტიციო პორტფელის გაფართოების გზაზე.
ფეხბურთელს მშობლიურ ბამბალიში მანამდეც დაუფინანსებია საავადმყოფოს, სკოლისა და სტადიონის მშენებლობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა უფასო ინტერნეტით უზრუნველყო. გარდა ამისა, მანე რეგულარულად ეხმარება თავის მშობლიურ ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს.