-
Aa
+
ფონტის ზომა
ბევრის მიაჩნდა, რომ დიეგოსთვის პირველი მუნდიალი, არგენტინაში ჩატარებული 1978 წლის მსოფლიო თასი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა სეზარ ლუის მენოტის - მიუხედავად იმისა, რომ ელ ფლაკოს 17 წლის ტალანტისთვის ეროვნულ გუნდში თამაშის შანსი უკვე ჰქონდა მიცემული, მიიჩნევდა რომ დიეგოსთვის მუნდიალის პასუხისმგებლობა ზედმეტი იქნებოდა.
გამარჯვებულებს არ ასამართლებენო და არც ჩემპიონ მენოტისთან ჰქონია პრეტენზიები ვინმეს. ელ ფლაკომ მარადონა შემდეგ ზაფხულს იაპონიაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოზე წაიყვანა. მარადონამ ერთის გარდა ყველა შეხვედრაში გაიტანა - 6 თამაშში 6 გოლი. ალბისელესტემ მუნდიალის შემდეგ ახალგაზრდული მუნდიალიც მოიგო - დიეგო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
1979 წლიდან მარადონა ნაკრების შეუცვლელი წევრი გახდა და 1982 წლის მუნდიალზე მსოფლიოს წინაშე 10 ნომრიანი მაისურით წარსდგა. ესპანეთში გამართულ მუნდიალს არაერთი არგენტინული პრობლემა უძღოდა წინ, ერთ-ერთი სწორედ ნომრების განაწილება გახლდათ. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელები ვერ შეთანხმდნენ, თუ ვის რა ნომერი უნდა სცმოდა, მენოტიმ მოთამაშეები ანბანის მიხედვით დანომრა - გამონაკლისები მხოლოდ მარადონა და კემპესი იყვნენ. დიეგომ და მარიომ 10 და 11 ნომრიანი მაისურები ჩაიცვეს, ხოლო მაგალითად არგენტინელთა მეკარეს, უბალდო ფილოლს ზურგს შვიდიანი უმშვენებდა, ხოლო ნახევარმცველ არდილესს პირველი ნომერი.
არგენტინელებს ნომრების დრამასთან შედარებით ბევრად დიდი პრობლემა ინგლისი-არგენტინის ომი იყო ფოლკლენდის კუნძულებისთვის, რომელიც ალბისელესტეს პირველი თამაშიდან ერთ დღეში დასრულდა - არგენტინა თავისივე დაწყებულ ომში დანებდა. არგენტინისთვის ომიც ცუდად დასრულდა და მუნდიალიც - ელ ფლაკოს გუნდი ტურნირს მეორე ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა. არგენტინა ჯერ იტალიასთან, ხოლო შემდეგ ბრაზილიასთან დამარცხდა. ალბისელესტემ ხუთი მატჩიდან სამი წააგო, ორი მოგებულიდან დიეგომ მუნდიალის პირველი გოლები უნგრეთს გაუტანა - 4:1 მოგებულ მატჩში მარადონამ თავი ორჯერ გამოიჩინა.
ბრაზილია 3:1 არგენტინა. 1982.
წარუმატებელი მუნდიალის შემდეგ, სეზარ ლუის მენოტიმ თანამდებობა დატოვა - ალბისელესტე კარლოს ბილარდომ ჩაიბარა. ევროპაში გადაბარგებული მარადონა ბილარდოს ნაკრებში 3 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა - 1986 წლის მუნდიალამდე ერთი წლით ადრე დიეგო არგენტინას დაუბრუნდა. ტრავმებ, ავადმყოფობებ და სხვა არაერთ სირთულე გადატანილ მარადონას, ბილარდო ნაკრების ძირითად დასაყრდენად მოიაზრებდა და მექსიკის მუნდიალზე წამსვლელი გუნდიც დიეგოს გარშემო ააწყო.
ალბისელესტე ჯგუფში იტალიასთან, ბულგარეთსა და სამხრეთ კორეასთან მოხვდა - სწორედ ამ უკანასკნელს დაუპირისპირდა პირველ ტურში ბილარდოს ნაკრები. დიეგომ ერთხელ რუჯერის გაატანინა, ხოლო ორჯერ ვალდანოს - არგენტინამ 3:1 იმარჯვა. იტალიასთან ვალდანოს გადაცემა ამჯერად მარადონამ აქცია ბრწყინვალე გოლად, ბულგარეთთან კი დიეგო კიდევ ერთი ასისტით გამოირჩა - მარადონას პასით ამჯერად ბურუჩაგამ ისარგებლა. არგენტინამ ჯგუფი ხუთი ქულით მოიგო ( 1990 წლის მუნდიალის ჩათვლით, გუნდებს მოგების შემთხვევაში 2 ქულა ენიჭებოდათ)
ბრწყინვალე იყო დიეგო ურუგვაისთან მერვედფინალში - სამხრეთამერიკელები ყველანაირ ძალას ხმარობდნენ მარადონას დრიბლინგების შესაჩერებლად, მაგრამ უშედეგოდ. არგენტინამ დაძაბულ ბრძოლაში პასკუალის გოლით იმარჯვა.
მეოთხედფინალში არგენტინას ინგლისი შეხვდა - კაპიტანმა მატჩამდე თანაგუნდელებს ფოლკლენდის ომი გაახსენა, უთხრა რომ ინგლისელებმა მათი ძმები დახოცეს და მოედანზე საბრძოლველად უნდა გასულიყვნენ.
კარლოს ბილარდოს სხვა სადარდებელი ჰქონდა - ალბისელესტეს სათადარიგო მაისური. მთავარი მწვრთნელი მიიჩნევდა, რომ ლე კოკ სპორტიფის მაისურები დასველებისას ზედმეტად მძიმდებოდა - არგენტინელებმა სპეციალურად ამ მატჩისთვის ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი კლუბის მსგავსი მაისურები მოიძიეს, ზედ არგენტინის გერბი გადააკრეს და მოედანზე უცნაური ბრჭყვიალა ნომრებით გავიდნენ.
არგენტინა - ინგლისი. 1986.
ასტეკაზე შეკრებილმა 115 000 მაყურებელმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟური და დაუვიწყარი მატჩი იხილა - დაძაბული, უგოლო ტაიმის შემდეგ მარადონამ ფეხბურთის ისტორია ოთხ წუთში დაწერა. მატჩის 51-ე წუთზე სტივ ჰოჯის ჰაერში გაშვებული ბურთზე პირველი თითქოს პიტერ შილტონი უნდა ყოფილიყო, რომ არა ათიანის ხელი და ინგლისელთა მეკარის თავს ზემოთ გადაგდებული ბურთი. ხელით თამაში ყველამ დაინახა გარდა მთავარი არბიტრისა - გაოგნებულ ინგლისელთა პროტესტის მიუხედავად ალი ბენასერმა გოლი ჩათვალა.
"ღმერთის ხელი"
ინგლისელები შოკიდან არ იყვნენ გამოსული, როდესაც მარადონამ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და კარისკენ დაიძრა, ოთხი ინგლისელის ჩამოტოვების შემდეგ ათიანი შილტონსაც გასცდა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. დიეგომ მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო გოლი გაიტანა. ინგლისელებმა 81-ე წუთზე თამაშში დაბრუნება მოახერხეს, მაგრამ ლინეკერის გოლი მხოლოდ პრესტიჟის აღმოჩნდა. მარადონას ფოლკლენდის ნარატივმა გაამართლა - არგენტინამ ბრძოლა მოიგო.
მარადონას მეორე გოლი ინგლისის კარში.
ცოტათი მარადონას თავით, ცოტათი ღმერთის ხელით
უთხრა ჟურნალისტებს დიეგომ მატჩის შემდეგ.
ნახევარფინალში არგენტინა საშინაო თეთრ-ცისფერ მაისურებს დაუბრუნდა და წითელმაისურიან ბელგიელებს დაუპირისპირდა- მარადონამ მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ჯერ ბურუჩაგას ბრწყინვალე პასი აქცია გოლად, შემდეგ კი კიდევ ერთი საოცარი სოლო გოლი გაიტანა - არგენტინამ 2:0 მოიგო.
ფინალისთვის ლეგენდარული ესტადიო ასტეკა კიდევ ერთხელ გაივსო - 115 000 მაყურებელი სამხრეთამერიკულ-ევროპული ფინალის მოლოდინში იყო. არგენტინა დასავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა და ხოსე ლუის ბრაუნისა და ხორხე ვალდანოს გოლებით კომფორტული უპირატესობითაც ამარცხებდა მეტოქეს, მაგრამ ბუნდესნაკრებმა გერმანული ხასიათი გამოავლინა და ანგარიში გაათანაბრა. 73-ე წუთზე რუმენიგემ გაიტანა, 81-ე წუთზე კი ფიოლერმა. თითქოს ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, როდესაც მარადონამ მოედნის ცენტრში გათამაშებული ბურთი ერთი შეხებით გააყოლა ბურუჩაგას - მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შვიდიანმა შეტევა ბრწყინვალედ დაასრულა.
არგენტინელები აღნიშნავენ ბურუჩაგას გოლს დასავლეთ გერმანიის წინააღმდეგ.
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონობა მეორედ იზეიმა - მარადონამ კი სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მუნდიალების "გოუთთა" შორის. დიეგოს 1986 წლის მსოფლიო თასის კამპანია დღემდე საუკეთესო ინდივიდუალურ პერფორმანსად მიიჩნევა.
მარადონა მსოფლიო თასით ხელში. ესტადიო ასტეკა. 1986.
ცუდად დაიწყო არგენტინისთვის 1990 წლის მუნდიალი - იტალიაში გამართული მსოფლიო თასის პირველ მატჩში ალბისელესტე კამერუნთან დამარცხდა. საბჭოთა კავშირთან გამარჯვებითა და რუმინეთთან ფრით არგენტინა ჯგუფიდან მაინც გავიდა. მარადონა ჯგუფურ ეტაპზე ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.
მერვედფინალში არგენტინელებს ნაცნობი მეტოქე შეხვდათ - ბრაზილიელებს დიდი უპირატესობისა და არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, მეოთხედფინალის საგზური ალბისელესტეს დარჩა. 81-ე წუთზე მარადონამ ბრწყინვალე რეიდის შემდეგ კანიჯა დატოვა მეკარის პირისპირ - ატალანტას ფორვარდმა ტაფარელი ჩამოიშორა და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი.
არგენტინა 1:0 ბრაზილია. 1990.
იუგოსლავიასთან 120 წუთიანი უგოლო მატჩისა და პენალტებში გამარჯვების შემდეგ, არგენტინა ნახევარფინალში მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდა.
მატჩის წინ, რომელიც მარადონას სახლში, ნეაპოლში იმართებოდა, დიეგომ ნეაპოლელ გულშემატკივარს მიმართა:
წელიწადში 364 დღის განმავლობაში თქვენ საკუთარ ქვეყანაში უცხოებად გთვლიან, დღეს კი გეუბნებიან, რომ ეროვნული ნაკრები უნდა გულშემატკივრობდეთ. მე კი ნეაპოლელი წელიწადში 365 დღე ვარ.
"არ მომწონს, რომ ახლა ყველა ნეაპოლელებს მოუწოდებს, იტალიელები იყვნენ და ეროვნულ ნაკრებს დაუჭირონ მხარი. ნეაპოლი ყოველთვის გარიყული იყო დანარჩენი იტალიის მიერ. ეს არის ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის უსამართლო დისკრიმინაციას"
დიეგოს მიმართვის მიუხედავად, ნეაპოლში არგენტინის ჰიმნი გამაყრუებელი სტვენის ფონზე შესრულდა. მარტივად იკითხებოდა მარადონას პირის მოძრაობა - “ბო*ის შვილებო, თქვე ბო*ის შვილებო!”
ანგარიში სკილაჩიმ გახსნა - არგენტინელებს მხსნელად ისევ კლაუდიო კანიჯა მოევლინათ. მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გმირი ისევ სერხიო გოიკოჩეა გახდა. დიეგომ მეხუთე პენალტი გაიტანა - არგენტინა ზედიზედ მეორედ გავიდა მუნდიალის ფინალში.
იტალია 1:1 (3:4) არგენტინა. 1990.
ფინალში მარადონასა და კომპანიას არაფერი გამოუვიდათ. ისედაც უმომენტო მატჩში არგენტინელები შეცვლაზე შემოსულმა პედრო მონზონმა დააღალატა - ცენტრალური მცველი იურგენ კლინსმანზე უხეშობისთვის გააძევეს. 82-ე წუთზე ალბისელესტეს კარში ძალიან საეჭვო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. არგენტილენლთა პროტესტი უშედეგო გამოდგა - გერმანია ანდრიას ბრემემ დააწინაურა. მატჩის დასრულებამდე მოედნიდან კიდევ ერთი არგენტინელი გააძევეს - ამჯერად გუსტავო დეზოტიმ ითამაშა არასპორტულად.
მარადონამ ზედიზედ მეორე მუნდიალის მოგება ვერ მოახერხა - რომის ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ დიეგოს ცრემლები იხილა.
მარადონა წაგებული ფინალის შემდეგ. 1990.
დიეგოს უკანასკნელი მსოფლიო თასი ხანმოკლე გამოდგა. განადგურებული საბერძნეთის ნაკრებისა და მარადონას ემოციური აღნიშვნის შემდეგ არგენტინამ ნიგერიას სძლია - ათიანი დოპინგზე შეამოწმეს.
მარადონა აღნიშნავს გოლს საბერძნეთის წინააღმდეგ.
დიეგოს შარდის ნიმუში ეფედრინზე დადებითი აღმოჩნდა. ეფედრინი სტიმულანტია, რომელიც ენერგიას ზრდისა და წონის კლებას უწყობს ხელს და იმ პერიოდში ფიფას მიერ აკრძალულ ნივთიერებათა სიაში შედიოდა.
მარადონა გაჰყავთ დოპინგ ტესტზე ნიგერიასთან მატჩის შემდეგ.
მარადონას მხარე ამტკიცებდა, რომ დადებითი დოპინგ-ტესტი არა მოტყუების მცდელობა, არამედ ურეცეპტოდ გასაცემი დანამატის შემთხვევით მიღების შედეგი იყო - კერძოდ, გასახდომი საშუალებისა, სახელად Ripet Fast.
გავრცელებული ინფორმაციით, დანამატი მისმა პირადმა ფიტნეს-მწვრთნელმა შეიძინა, თუმცა, სავარაუდოდ, შეცდომით ისეთი ვერსია იყიდა, რომელიც აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა.
მათ მე ფეხები მომკვეთეს
განაცხადა მარადონამ პრესკონფერენციაზე.
“ჩემს ქალიშვილებს ვფიცავ, აკრძალული ნივთიერებები არ მიმიღია. ამ მუნდიალისთვის შესანიშნავად მოვემზადე”
“ფეხები მომკვეთეს და თავის დაცვის შესაძლებლობაც არ მომცეს. ნარკოტიკები არ გამომიყენებია, არ ვიცი, რა მოხდა. ვფიცავ, დოპინგი არ მიმიღია, მაგრამ ვხედავ, რომ ეს არავის აინტერესებს.”
“ჩემს ქალიშვილებს დავპირდი, რომ არ ვიტირებდი, მაგრამ დღეს მიღალატეს. ამიტომ ცრემლებს ვეღარ ვიკავებ”
ფიფამ მარადონა 15 თვით დისკვალიფიკაციით დასაჯა, რამაც ფაქტობრივად მის საერთაშორისო კარიერას წერტილი დაუსვა. დიეგოს გარეშე დარჩენილი ალბისელესტე მერვედფინალში რუმინეთთან დამარცხდა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

