მარსელო ბიელსას თითქმის 40-წლიან კარიერაში ბევრი ტიტული არ მოუგია, თუმცა პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს: „ხალხის სიყვარული უდიდესი ტიტულია, ჩემპიონთა ლიგაზე მეტიც კი. ვფიქრობ, მარსელოს ეს სიყვარული მსოფლიოში ნებისმიერ სხვა მწვრთნელზე მეტად აქვს“.
ბიელსა სამწვრთნელო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ფიგურაა, თუმცა ურუგვაიში მისი პერსონა საზოგადოებას ორად ყოფს. მიზეზი არა მისი არგენტინული წარმოშობა, არამედ რთული ხასიათია. მას შემთხვევით როდი ეძახიან „გიჟს“ (El Loco) - ბიელსა თავად აღიარებს, რომ გარემოში დაძაბულობას ქმნის. სწორედ ამიტომ არის ურუგვაის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი. თავად მწვრთნელმა უკვე თქვა, რომ ტურნირის შემდეგ პოსტს დატოვებს, თუმცა არავინ იცის, ამერიკაში ის გენიოსივით დაასრულებს თუ გიჟივით.
ეიფორიიდან ლუის სუარესის აფეთქებამდე
არადა, ყველაფერი კარგად დაიწყო. 2023 წელს, როცა ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციამ ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად აქცია, ბიელსამ თქვა, რომ ფული მისთვის მთავარი არ ყოფილა და ამ პროექტში მოთამაშეების მაღალი ხარისხის გამო ჩაერთო.
პირველივე წელს მან სკეპტიკოსები გააჩუმა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ბრაზილია და არგენტინა ზედიზედ დაამარცხა. ბუენოს-აირესში არგენტინის 2:0 ძლევა ისტორიული იყო - ურუგვაის მეზობლებისთვის მათსავე მოედანზე 1937 წლის შემდეგ მოგებული არ ჰქონდა. მატჩის შემდეგ თავად ლიონელ მესიმ აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონები ბიელსას გუნდის გიჟურ პრესინგსა და სისწრაფეს ვერ გაუმკლავდნენ. ამას მოჰყვა მესამე ადგილი კოპა ამერიკაზე, თუმცა ზუსტად ამ ტურნირის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა.
სექტემბერში, სანამ სანაკრებო კარიერას დაასრულებდა, ლუის სუარესმა ბიელსა საჯაროდ გააკრიტიკა. ბარსელონას ყოფილმა ფორვარდმა განაცხადა, რომ არგენტინელი ფეხბურთელებს პატივს არ სცემდა და ხშირად გამარჯობასაც არ ეუბნებოდა: „კოპა ამერიკაზე ისეთი სიტუაციები იყო, რომელთა ყურებაც მტკიოდა, თუმცა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვდუმდი. მოთამაშეების მოთმინებას საზღვარი აქვს და ისინი მალე აფეთქდებიან“. სუარესი მართალი აღმოჩნდა.
„მე ტოქსიკური ვარ, ეს ჩემი კარმაა“
ნოემბერში, ფლორიდაში გამართულ ამხანაგურ მატჩში, ურუგვაი აშშ-ის მეორე შემადგენლობამ 5:1 გაანადგურა. ბიელსამ წაგება საკუთარ თავს დააბრალა და თქვა, რომ ასეთი ანგარიშის გამართლება შეუძლებელია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მისი გუნდები გადაიწვნენ - ბიელსას სტილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იმდენად დამღლელია, რომ ფეხბურთელები სეზონის ბოლოს ძალებისგან სრულად იცლებიან.
Tampa-სთან განცდილი კრახის შემდეგ, ბიელსამ ორსაათიანი პრესკონფერენცია გამართა და საკუთარ თავს უცნაური დიაგნოზი დაუსვა:
როცა სადმე მივდივარ, გარემო მაშინვე იძაბება, ამიტომაც ვჩნდები საზოგადოებაში იშვიათად. მე ტოქსიკური ვარ და ჩემთან თანამშრომლობა ადამიანებს აუარესებს. ვარ ტიპი, რომელიც მხოლოდ შეცდომებს ხედავს, მომთხოვნი ვარ და არასდროს არაფერი მაკმაყოფილებს. როცა საჭმელად მივდივარ, გაზეთს ვკითხულობ, რადგან გარშემომყოფებთან კონტაქტი და ყურადღების გაფანტვა არ მინდა. არ იფიქროთ, რომ ეს მსიამოვნებს - ეს ჩემი კარმაა. მორცხვი, აკვიატებული და რობოტული ადამიანი ვარ, არ მიყვარს ქაოსი. ეს ჩემი ნაკლოვანებებია
მარტში, ინგლისთან და ალჟირთან ნათამაშები ფრეების შემდეგ, ურუგვაის ნაკრებს მუნდიალის წინ არცერთი ამხანაგური მატჩი აღარ ჩაუტარებია. გუნდი საუდის არაბეთთან შეხვედრას აბსოლუტურად გაურკვეველ ფორმაში ხვდება. უახლოესი კვირები გამოაჩენს, მარსელო ბიელსა ისევ ის ნატურალური ვიზიონერია, რომელსაც გვარდიოლა და პოჩეტინო ეთაყვანებიან, თუ თანამედროვე ფეხბურთმა მისი მეთოდები საბოლოოდ ჩააბარა წარსულს.