-
Aa
+
ფონტის ზომა
დვალიშვილმა (21-2 MMA, 14-3 UFC) გასული წლის დეკემბერში, UFC 323-ზე, პიოტრ იანთან (20-5 MMA, 12-4 UFC) მარცხის შემდეგ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა.
ქართველმა მებრძოლმა მათი პირველი დაპირისპირება 2023 წლის მარტში მოიგო, ახლა კი მეტოქეები ტრილოგიას დაასრულებენ. მე-3 ბრძოლა 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, Etihad Arena-ზე, UFC 333-ის თანამთავარი მოვლენის სტატუსით გაიმართება.
ტრავმები ორივე მებრძოლის წინა დაპირისპირებებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. იანმა გაამხილა, რომ პირველ შეხვედრაში მოტეხილი ხელით იბრძოდა, ხოლო დვალიშვილის განცხადებით, UFC 323-ზე მუხლის ტრავმით გავიდა. ექიმები ქართველს განმეორებითი ბრძოლისგან თავის შეკავებასაც კი ურჩევდნენ.
2025 წელს ჩატარებული 4 ბრძოლის შემდეგ, ვუდის თქმით, დვალიშვილი გადამწყვეტ დაპირისპირებას განახლებული ენერგიითა და მოტივაციით ხვდება.
„ყველაფერი შესანიშნავად მიდის. ეს მოსამზადებელი პერიოდი გაცილებით, გაცილებით უკეთესია - 1000-ჯერ უკეთესი. მას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოუწია ლოდინი და ეს მისთვის რთული იყო.
მერაბი არ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უქმად ყოფნა უყვარს. ეს მისი ჩემპიონობისა და ტიტულის დაცვის პერიოდშიც დავინახეთ.
მას მუდმივად აქტიურობა სურს და ეს სჭირდება კიდეც. უყვარს შრომა და ყოველთვის მოქმედებაზეა ორიენტირებული.
როგორც კი ბრძოლა ოფიციალურად დადასტურდა, აშკარად გამოჩნდა, რომ ლოდინით გამოწვეული წნეხი და დაძაბულობა მოეხსნა. მაშინვე ვარჯიშს შეუდგა და საქმეს მთელი მონდომებით მიუდგა.
ახლა სრულიად სხვა მერაბს ვხედავთ. ეს მართლაც სხვა მერაბია.
სპარინგებზე რასაც ვნახულობ, გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, ოდესმე ყოფილა თუ არა მერაბი ასეთი კარგი კარდიომომზადებით. მისი ფიზიკური კონდიციები წარმოუდგენლად მაღალ დონეზეა.
ცხადია, მას უდიდესი მოტივაცია აქვს, რომ წინა მარცხისთვის რევანში აიღოს, ჩემპიონის ქამარი დაიბრუნოს და ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნოს.
ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. მართლაც შესანიშნავი“, - განაცხადა ვუდმა Home of Fight-თან ინტერვიუში.
ვუდი დარწმუნებულია, რომ ჯანმრთელი მერაბ დვალიშვილის დამარცხება უკიდურესად რთული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების აზრით, ქართველი მებრძოლი მცირე აუტსაიდერად მიიჩნევა.
„პიოტრ იანი, ცხადია, ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია და ვფიქრობ, შემთხვევით არ არის ჩემპიონი.
ის ძალიან ძლიერია, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, როგორი მებრძოლი გვყავს ჩვენ, რისი გაკეთება შეუძლია მერაბს და რამდენად განვითარდა ის.
იმედი მაქვს, რომ ოქტაგონზე მერაბისა და პიოტრის საუკეთესო ვერსიებს ვიხილავთ.
როდესაც მერაბი თავის საუკეთესო ფორმაშია, არ ვიცი, საერთოდ არსებობს თუ არა მსოფლიოში ვინმე, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია.
ვფიქრობ, წარმოუდგენლად დაძაბული ბრძოლა გველის. დარწმუნებული ვარ, სისხლიანი, სანახაობრივი და ორმხრივი შეტევებით სავსე დაპირისპირება იქნება.
ჩემი აზრით, ამ ბრძოლის დასრულების შემდეგ მერაბი გამარჯვებული დატოვებს ოქტაგონს, ხელს აუწევენ და ჩემპიონის ქამარი კვლავ მის წელზე იქნება“, - განაცხადა ჯონ ვუდმა.
რას ნიშნავს მერაბ დვალიშვილისთვის საქართველოს სახელით ასპარეზობა?

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები