ინტერ მაიამი კვლავ სენსაციური ტრანსფერის მოლოდინშია.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესიმ პირადად დაურეკა მადრიდის რეალის ყოფილ ვარსკვლავს, კაზემიროს, რათა ის ამერიკაში გადასვლაზე დაითანხმოს.
ჟურნალისტმა ედუარდო ინდამ გადაცემაში El Chiringuito de Jugones სენსაციური ამბავი გააჟღერა. მისი თქმით, მესიმ გასულ უქმეებზე პირადად დაურეკა ბრაზილიელს, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ინგლისის დატოვებას აპირებს.
მთავარი კანდიდატი ინტერ მაიამია
მიუხედავად იმისა, რომ კაზემიროს შეთავაზებები საუდის არაბეთიდან და ლოს-ანჯელეს გალაქსიდანაც აქვს, მესის ჩართულობამ ინტერ მაიამი ფავორიტად აქცია. კაზემირო და მესი წლების განმავლობაში ესპანურ კლასიკოებში დაპირისპირებული მხარეები იყვნენ, თუმცა მათ შორის კარგი ურთიერთობა ნარჩუნდება.
ლეო მესი აქტიურად ადევნებს თვალს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას და სურს, რომ დევიდ ბექჰემმა და ხორხე მასმა შემადგენლობა მაქსიმალურად გააძლიერონ. პარალელურად, არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ივნისში დაიწყება და ბევრისთვის ეს მისი „უკანასკნელი ცეკვა“ იქნება.