-
Aa
+
ფონტის ზომა
ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ისეთი მსოფლიოს პირველობა, რომელიც განუყოფლადაა დაკავშირებული ერთი ფეხბურთელის სახელთან, იქნება ეს მარიო კემპესის 1978 წლის ჩემპიონატი, პაოლო როსის 1982 წელი, მარადონას მექსიკური ტრიუმფი თუ ლეო მესის ყატარული მუნდიალი. არსებობს მოსაზრება, რომ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ზემოთხსენებულთა მსგავსად მძლავრი დომინირება მოახერხა, ბრაზილიელი ლეგენდა მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი, იგივე გარინჩაა.
1962 წელს ჩილეში გამართული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი მთლიანად შავ-თეთრ კადრებითაა სავსე და გვიანდელ მუნდიალებთან არსებული ლამაზი და ფერადი მომენტებისგან ამითაც განსხვავდება. ეს მუნდიალი ხომ ახალი სტილის დაუნდობელი ფეხბურთის გაჩენასთანაც ასოცირდება და თუ ძველებს დავუჯერებთ, დიდად არც სანახაობით გამოირჩეოდა, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ სანახაობრივ მუნდიალს მაინც ჰყავდა თავისი ნათელი გმირი და ეს ყველასათვის საყვარელი მანე გარინჩა გახლავთ.
მსოფლიო ფეხბურთის ამ დიად სახელსა და მის მრავალფეროვან, აღმართებითა და დაღმართების სავსე კარიერასა და ცხოვრებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. გარინჩაზე საუბარი ფეხბურთის ქომაგებს სიხარულთან ერთად სინანულის ცრემლებსაც ჰგვრით, მაგრამ მის საფეხბურთო გენიას, რამაც 1962 წელს ჩილეს მოედნებზე იფეთქა, არასოდეს არაფერი დაკლებია.
მანე იყო მოთამაშე, რომელსაც დრიბლინგი და მოწინააღმდეგე ფეხბურთელის ერთი-ერთზე დაჯაბნა ყველაზე მეტად უყვარდა. ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მეტოქის დაჩაგვრის შემდეგაც კი ხანდახან უკან ბრუნდებოდა და იგივეს ხელმეორედ აკეთებდა, უბრალოდ - გართობისთვის, რასაც გულშემატკივრები ჭკუიდან გადაყავდა.
არასრულფასოვანი ფეხებით სამბას რიტმებზე ბურთით აყოლა გარინჩას სავიზიტო ბარათი იყო, რაც „ბოტაფოგომ“ აღმოაჩინა და რამაც ფეხბურთელს საერთაშორისო აღიარება ჯერ კიდევ 1958 წელს შვედეთში მოუტანა.
1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედი გამარჯვებულისა და მთავარი ფავორიტის სტატუსმა ბრაზილიის ნაკრები მშობლიურ კონტინენტზე ზეწოლის ქვეშ დააყენა, რაც გუნდის პირველ თამაშშიც აისახა: „სელესაომ“ მექსიკასთან არადამაჯერებელი გამარჯვება (2:0) მოიპოვა და რომ არა მეკარე ჟილმარის შესანიშნავი გარჯა, შედეგი სულ სხვა იქნებოდა.
შემდეგი მატჩი ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ იყო და სწორედ ამ თამაშში დაიწყო ბრაზილიის გარდატეხა. პირველი ტაიმის შუაწელს პელეს ძლიერი დარტყმული მეკარე ვილიამ შროიფმა მოიგერია, ხოლო ბრაზილიელთა ათიანს ბედმა უმუხთლა - პელეს კუნთი გაეჭიმა და თამაშს გამოეთიშა, კაცნაკლული მსოფლიო ჩემპიონები კი ევროპელებს უგოლოდ გაეყარნენ.
პელე ღირსეულად შეცვალა ამარილდომ, რომლის შეხვედრის ბოლო 15 წუთში შესრულებული დუბლით ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფის ბოლო მატჩში ესპანეთი 2:1 დაამარცხა. გარინჩას გენია სწორედ აქ გამოჩნდა: მანემ მარჯვენა ფლანგზე ორი ფეხბურთელი ჩვეულ სტილში გააბითურა, შემდეგ კი საჯარიმოში რბილად ჩააწოდა, რასაც ამარილდო თავური გოლით გამოეხმაურა.
მეოთხედფინალში ბრაზილიის მეტოქე ინგლისი იყო. უოლტერ უინტერბოტომის გაწვრთნილ გუნდს დალაგებულ, ორგანიზებულ მეტოქეებთან თამაში გამოსდიოდა, მისდა სამწუხაროდ კი გარინჩა სწორედ რომ არაპროგნოზირებადი და არაორდინალური მოთამაშე გახლდათ.
ინგლისთან შეხვედრაში მანემ მისთვის სრულიად უჩვეულო გოლით გახსნა ანგარიში, როდესაც მარიო ზაგალოს მოწოდებული კუთხურიდან თავით გაიტანა. მეტოქემ მალე გაათანაბრა - თავი ჯერი ჰიჩენსმა გამოიჩინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გარინჩას ძლიერი საჯარიმო დარტყმა მეკარე რონ სპრინგეტმა მოიგერია, დამატებაზე კი ვავამ თავურით იხეირა და ბრაზილია კვლავ წინ გაიყვანა. საბოლოო მესამე გოლი მანემ საჯარიმოს გარედან ზედა კუთხეში ლამაზი დარტყმით გაიტანა და „სელესაოს“ ნახევარფინალში გაუძღვა.
ამბობენ, გარინჩას საუკეთესო პერფორმანსი ინგლისთან შედგაო, თუმცა მანემ ნახევარფინალში ჩილეს წინააღმდეგაც მომნუსხველი თამაში აჩვენა, იმისდამიუხედავად რომ გამუდმებით ფეხზე ეჯდა ჩილელთა მარცხენაფლანგელი ელადიო როხასი. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა გარემარბმა კვლავ დუბლი გაიფორმა და ასისტიც მიითვალა, განსაკუთრებული აღვნიშნის ღირსი კი მისი პირველი გოლია, როდესაც საჯარიმოს ხაზთან უძლიერესი ცაცია დარტყმით ბურთი მასპინძელთა კარში ყუმბარასავით შეაგდო.
უხვგოლიანი, ემოციური, უხეში და მაღალტემპიანი შეხვედრა შეუჩერებელმა გარინჩამ ბოლომდე ვერ მიიყვანა - ფეხბურთელი პროვოკაციას წამოეგო მატჩის მიწურულს გააძევეს, თუმცა აქ მოხდა ის, რაც ალბათ აღარასოდეს მოხდება მსოფლიო ფეხბურთში: ბრაზილიელ ვარსკვლავს ფინალში თამაშის ნება მას მერე დართეს, რაც უამრავმა ჩილელმა ქომაგმა მოაწერა ხელი ქვეყნის პრეზიდენტის, ხორხე ალესანდრის მიერ შექმნილ შეწყნარების პეტიციას.
აიმორე მორეირას დამოძღვრილმა „სელესაომ“ მუნდიალის ფინალში ჩეხოსლოვაკია იოლად, 3:1 დაამარცხა და ჟიულ რიმეს თასი შეინარჩუნა. მანეს დახმარება გუნდს ფინალში აღარც დასჭირვებია, თუმცა მისი ოთხი ჩილეური გოლი, რითაც იგი ტურნირის თანაბომბარდირი გახდა, საკვანძო და მნიშვნელოვანი იყო ლიდერი პელეს არყოფნისას.
გარინჩა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, მისი გენია კი საყოველთაოდ ცნობილი გახდა.
„დღეიდან ოთხასი წლის შემდეგაც კი, ყოველ ჯერზე როდესაც ხალხი ფეხბურთზე ილაპარაკებს, მანე გარინჩაზეც ყველა ილაპარაკებს“, - განაცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა და მწვრთნელმა, ჟოაო სალდანიამ.
„ის ფენომენალური იყო, მისი დრიბლინგი, მისი ფინტები, ვერ გაიგებდი რომელი ფეხით რას მოიმოქმედებდა...“, - მოგვიანებით იხსენებდა ფინალში მისი მეტოქე იოზეფ შტიბრანი.
„ხალხის სიხარულის“ (Alegria Del Povo) მეტსახელით ცნობილი ფეხმარდი ჯადოქარის შემდგომი ცხოვრება ალკოჰოლიზმით, თავქარიანი ცხოვრებითა და კარიერული დაღმასვლითაა ცნობილი, მაგრამ ვერაფერი აუფერულებს მის უკვდავ სახელს. მოკლე მარცხენა ფეხისა და შიგნით შევარდნილი მარჯვენა მუხლის მქონე ბრაზილიელი ლეგენდა ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და წარუშლელი მოგონებაა ფეხბურთის იმ უმაღლესი მწვერვალისა, რასაც მსოფლიო ჩემპიონატი ჰქვია.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები