როლან გაროსზე სენსაციები გრძელდება.
კარლოს ალკარასის ტრავმის გამო ჩახსნისა და იანიკ სინერის მე-2 რაუნდში სერუნდოლოსთან სენსაციური მარცხის შემდეგ, ტურნირის მთავარ ფავორიტად ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოიკვეთა, რომელმაც პირველი ორი წრე 4-სეტიანი გამარჯვებებით გადალახა.
თუმცა, პირველი სერიოზული გამოცდა 39 წლის ლეგენდას ბრაზილიელ ვუნდერკინდთან, ჟოაო ფონსეკასთან ელოდა, რომელიც რეიტინგში 30-ე ადგილს იკავებს და თიხის სპეციალისტადაც მოიაზრება.
მატჩის სტარტზე ნოვაკმა თავისი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დააყენა და პირველი ორი სეტი 6:4 6:4 მოიგო. პრობლემები მესამე სეტიდან დაიწყო, როცა ფონსეკამ 3-0 წაიყვანა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა (6:3).
მეოთხე სეტი ჯოკოვიჩმა თავისი მოწოდების წაგებით დაიწყო, თუმცა ბრეიკი მალევე დაიბრუნა და 5:5-მდე ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ. მე-11 გეიმში ბრაზილიელმა ნოვაკის მოწოდება მოიგო, შემდეგ თავისი ჩაწოდებაც შეინარჩუნა და საქმე გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა.
დისაიდერში ნოვაკმა 3:1 წაიყვანა, თუმცა შემდეგსავე გეიმში გაანიავა უპირატესობა და წინა სეტის მსგავსად, კვლავ 5:5-ზე დაბრეიკდა. მატჩზე ჩასაწოდებლად გამოსულ ფონსეკას ცოტა ხელი კი აუკანკალდა და თავისი შეცდომებით ნოლეს ბრეიკ-პოინტი აჩუქა, რომელიც შემდეგ ეისითვე გამოსაწორა და საბოლოოდ, მატჩის მოგება მოახერხა.
ამრიგად, მესამე წრის შედეგად როლან გაროსზე გრენდ სლემის არცერთი მოქმედი გამარჯვებული აღარ დარჩა - მედვედევი ბრძოლას პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა, სინერი მეორედან, ჯოკოვიჩი კი - მესამედან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის საფრანგეთის ღია პირველობა გრენდ სლემის ახალ ჩემპიონს გვაჩუქებს.