უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ანზორ მექვაბიშვილის უნივერსიტატეა კრაიოვამ ბელარუსული ვიტებსკი 1-4 დაამარცხა.
მატჩი უნგრეთში გაიმართა, რადგან ბელარუსულ გუნდებს საკუთარ ქვეყანაში საერთაშორისო შეხვედრების ჩატარება არ შეუძლიათ.
ქართველი ნახევარმცველი რუმინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა.
მექვაბიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა მატჩის დაწყებამდე კონკრეტული ქმედებით მიიქციეს ყურადღება.
აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კონფლიქტთან (რუსეთ-უკრაინის ომი) დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოსახატად, მექვაბიშვილმა (საქართველო), რომანჩუკმა (უკრაინა) და ტელეშმა (პორტუგალია) გადაწყვიტეს, მატჩის დაწყებამდე ვიტებსკის ფეხბურთელებისთვის ხელი არ ჩამოერთმიათ.
ამ ჟესტით უნივერსიტატეას ფეხბურთელებმა უეფას პროტოკოლი დაარღვიეს, რომელიც მატჩის დაწყებამდე ორი გუნდის ფეხბურთელებს შორის მისალმებას ითვალისწინებს.
ბოლო წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის არაერთ სპორტსმენს მსგავსი პოზიცია დაუფიქსირებია რუსი ან ბელარუსი სპორტსმენების მიმართ იმ შეჯიბრებებში, სადაც მათ ერთმანეთის წინააღმდეგ ასპარეზობა უწევდათ.
ამის ყველაზე ცნობილი მაგალითები ჩოგბურთში გვხვდება, სადაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობენ.
