ევროპაში მოთამაშე ჩვენი ლეგიონერი ფეხბურთელების ასპარეზობა ბოლო დღეებში ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ: ზოგი თუ ოქროს მედლებსა და ტიტულებს შეწვდა, ზოგის თავს ჯერ კიდევ ტრიალებს დრამა. რამდენიმე ქართველისთვის ჯერ არ დასრულებულა სეზონი, უფრო მეტიც - ის გადამწყვეტ ფაზაშია.
კვარაცხელიამ საფრანგეთში გაჩემპიონობა რომ ბოლო ტურში, საკუთარ კედლებში, ომახიან ნოტაზე დაასრულა კი ნახა ყველამ. ოსერთან დუბლი, მატჩის MVP და ოქროს მედლებით ზეიმი უკვე ისტორიის ფურცელია, თუმცა მოლოდინიც დიდი აქვს ხვიჩას - კიდევ რამდენ ოქროს მედალს შემატებს კოლექციას ამავე თვეში? სამს, ორს, ერთს თუ … აქ იგულისხმება როგორც საფრანგეთის თასი, ისე - იტალიის სერია A და ჩემპიონთა ლიგა.
სამწუხაროდ ლიგა 1-დან გავარდა ერთ დროს ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანი სენტ-ეტიენი, რომელიც შინ უმოტივაციო ტულუზასთან დამარცხდა და ზურიკო დავითაშვილის ირგვლივაც ახლა მხოლოდ სატრანსფერო ჭორ-მართალიღა გვაქვს წინ. ყველას გვაინტერესებს, სხვაგან წავა საფრანგეთის ბოლო ჩემპიონატში 9 გოლისა და 8 საგოლე გადაცემის ავტორი „ჯვაროსანი“ თუ მწვანეებს ქვედა ლიგაში ჩაყვება.
აქვე ვახსენოთ ჟორჟ მიქაუტაძის ფრანგული გუნდის ევროზონაში მოხვედრა, თუმცა ალბათ ბევრი დამეთანხმებით, ლიონელებს ამ სეზონში გაცილებით მეტი შეეძლოთ, როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე - ევროსარბიელზე. ოლიმპიკს ლიდერი ალექსანდრ ლაკაზეტი დაემშვიდობა, ხოლო რაიან შერკის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ჰოდა ვინ ეყოლება შეტევაში ახალ პარტნიორებად თუ კონკურენტებად ევროს ჩვენებურ ბომბარდირს მომდევნო სეზონში, საკმაოდ საინტერესოა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის აწ გასრულებულ პირველობაში კონფერენს ლიგის საპლეი-ოფო პოზიციაზე (მე-6 ადგილი) მყოფი ლიონი შესაძლოა, ევროპა ლიგაზე ვიხილოთ, საამისოდ ჩემპიონმა პარიზელებმა ქვეყნის თასიც უნდა მოიპოვონ და საფრანგეთს UEFA-ს ევროტურნირებზე ერთი საგზური დაამატონ, რაც მიქაუტაძის გუნდს ევროპა ლიგაზე გაიყვანს.
მაისი წარმატებული გამოდგა ორ სხვადასხვა კლუბში მოთამაშე ქართველებისთვის, რომლებიც შიდა თასების გამარჯვებულები გახდნენ.
უკრაინის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო ირაკლი აზაროვმა, რომელსაც ფინალურ მატჩში კიევის დინამოს წინააღმდეგ არ უთამაშია. დონეცკელებმა წლევანდელი უკრაინის ჩემპიონები პენალტების სერიაში დაამარცხეს და ამ ტიტულის მოპოვებით მომავალ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.
ქვეყნის თასის გამარჯვებულები ასევე გახდნენ სარაევოს ფეხბურთელებიც - ბოსნიური გუნდის კაპიტანი გიორგი გულიაშვილი და საქართველოს U21 ნაკრების წევრი ვასილიოს გორდეზიანი. სარაევოს ახალგაზრდა ქართველი ფორვარდებისთვის ეს პირველი ბოსნიური ტიტული და ოქროს მედლებია.

ცოტა რთულია იმის თქმა, შეინარჩუნებს თუ არა სერია A-ში ადგილს საბა გოგლიჩიძის ემპოლი, თუმცა ბოლო ტურში გასამართ მატჩებს თუ შევხედავთ, ტოსკანური კლუბის იტალიურ ელიტაში დარჩენა რეალური ჩანს: თუკი ემპოლი შინ სამი საფეხურით ზემოთ მყოფ ვერონას მოუგებს, ხოლო უშუალო კონკურენტები, ლეჩე და პარმა თავიანთ შეხვედრებს წააგებენ, გოგლიჩიძის გუნდი დაქვეითებას გადაურჩება. ემპოლის ამოცანას ისიც ამარტივებს, რომ ორივე კონკურენტი გუნდი უკანასკნელ ტურში სტუმრად ითამაშებს, შესაბამისად - ლაციოსა და ატალანტასთან და ორივესი თუ არა, ერთ-ერთის დამარცხებაც წაადგება საბას გუნდს.
საწყენია, რომ იტალიის რანგით მეორე ლიგაში ლუკა ლოჩოშვილის სალერნიტანა და გიორგი კვერნაძის ფროზინონე ერთმანეთს გადაეყარნენ. წყვილიდან სერია B-ში მხოლოდ ერთი გუნდი დარჩება, რასაც ამავე თვეში გასამართი ორი ურთიერთშეხვედრა გადაწყვეტს.


გერმანიის ბუნდესლიგაში დასარჩენად ორმატჩიანი დაპირისპირება ელის ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს. ბადენელები მეორე ბუნდესლიგის ბინადარ ელვერსბერგთან 22 მაისს ჯერ სახლში, ხოლო ოთხ დღეში სტუმრად გამართავენ გადამწყვეტ შეხვედრებს. იმედი დავიტოვოთ, რომ ბუდუ და კომპანია შემდეგ სეზონსაც გერმანიის ჩემპიონატში გაატარებენ, რის საფუძველსაც მეტოქე გუნდის უცნობი სახელი და ისტორია გვაძლევს.
ბოლო სიტყვად კი გიორგი ქოჩორაშვილის ესპანურ გუნდზე მოგახსენებთ. ვალენსიური ლევანტე სეგუნდა დივიზიონს უდგას სათავეში, წინ კი მხოლოდ ორი ტურია. მართალია, ქოჩორა უკვე თითქმის ლისაბონის სპორტინგის წევრია, მაგრამ ლა ლიგა 2-ის მოგება ქართველი შუახაზელის კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებად ჩაიწერება.