-
Aa
+
ფონტის ზომა
ეს ფილადელფიაში ბოლო 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში UFC-ის პირველი დანომრილი ღონისძიება იქნება და ქალაქში ორგანიზაციის პირველი ივენთი მას შემდეგ, რაც 2019 წლის მარტში, სწორედ ამ არენაზე, ჯასტინ გეიჯიმ ედსონ ბარბოზა დაამარცხა.
ქარდი სავსეა საინტერესო დაპირისპირებებით, რომლებმაც სანახაობა თავიდანვე უნდა შემოგვთავაზონ.
მთავარი ბრძოლა: ისლამ მახაჩევი vs იან მაჩადო გარი
თანამთავარი ბრძოლა: მაკენზი დერნი vs ჯილიან რობერტსონი
მთავარი ქარდის სხვა ბრძოლები:
ჩარლზ ჯონსონი vs ხოსე ოჩოა
მანსურ აბდულ-მალიკი vs დასტინ შტოლცფუსი
ედსონ ბარბოზა vs ესტებან რიბოვიჩი
წინასწარი ქარდის ბრძოლები:
ჩიდი ნჯოკუანი vs ჯოელ ალვარესი
ჯეილინ ტერნერი vs კაუე ფერნანდესი
დონტე ჯონსონი vs ერიკ მაკკონიკო
ვისენტე ლუკე vs ტრეშონ გორი
რაფაელ ტობიასი vs ლუკას ფერნანდო
ნილ მაგნი vs რამიზ ბრაჰიმაი
ჯერემაია უელსი vs მიქთიბეკ ოროლბაი
ქვესაშუალო წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ქამარს პირველად დაიცავს ირლანდიელი პრეტენდენტის, იან მაჩადო გარის წინააღმდეგ. ეს მართლაც გამორჩეულად საინტერესო საჩემპიონო დაპირისპირებაა.
მახაჩევმა ქამარი გასული წლის ნოემბერში, Madison Square Garden-ზე ჯეკ დელა მადალენას დამაჯერებლად დამარცხებით მოიპოვა. მან თავისი ელიტური გრეპლინგი გამოიყენა, ავსტრალიელი ხუთივე რაუნდის განმავლობაში პარტერში გადაიყვანა და გაანეიტრალა.
მახაჩევმა 19 წუთი კონტროლში გაატარა და დელა მადალენას მხოლოდ 18 მნიშვნელოვანი დარტყმის განხორციელების საშუალება მისცა.
ამ გამარჯვებით ის ორი წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, გამარჯვებათა სერია კი 16-მდე გაზარდა და UFC-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერიის მხრივ ანდერსონ სილვას გაუთანაბრდა.
პრეტენდენტმა 2025 წელს 2 გამარჯვება მოიპოვა და პირველი პრეტენდენტის სტატუსი გაიმყარა. აპრილში მან ხუთრაუნდიან ბრძოლაში კარლოს პრატესი დაამარცხა, ნოემბერში კი სამ რაუნდში ყოფილ ჩემპიონ ბელალ მუჰამედს აჯობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთივე ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, მეტოქეების მაღალი დონისა და ამ დაპირისპირების პოპულარობის გათვალისწინებით, რთულია იმის მტკიცება, რომ მაჩადო გარი ამ შესაძლებლობას არ იმსახურებს.
ამ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტორი მებრძოლებს შორის ზომებში განსხვავებაა. მახაჩევი მეტსახელად „The Future“-ის მქონე გარის სიმაღლესა და ხელების სიგრძეში ოთხი ინჩით ჩამორჩება.
ირლანდიელს შესანიშნავი თეიქდაუნებისგან დაცვა, კარგი ფეხის მოძრაობა და საკუთარი გაბარიტების უპირატესობის ეფექტურად გამოყენების უნარი არაერთხელ გამოუვლენია.
ზომებში ეს სხვაობა შესაძლოა ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ X-ფაქტორად იქცეს. განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რა გავლენას მოახდენს ის მებრძოლების საწყის გაცვლებსა და ბრძოლის მიმდინარეობაზე.
თანამთავარ ბრძოლაში მაკენზი დერნი მინიმალური წონის საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს შესანიშნავ ფორმაში მყოფი ჯილიან რობერტსონის წინააღმდეგ.
დერნმა ვაკანტური ტიტული გასული წლის ოქტომბერში, აბუ დაბიში მოიპოვა. საჩემპიონო რაუნდების დაწყებამდე 3მსაჯიდან ორის ბარათზე ვირნა ჯანდირობასთან აგებდა, თუმცა საბოლოოდ ბრძოლის შემოტრიალება და გამარჯვება მოახერხა.
ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა და გამორჩეულმა საბმიშენ-სპეციალისტმა UFC-ში კარიერის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია დგომში ბრძოლის გასაუმჯობესებლად. 33 წლის ჩემპიონმა ამ მიმართულებით აშკარა პროგრესი აჩვენა, გამოავლინა სახიფათო ძალა, ასევე უდავო მებრძოლი ხასიათი და შეუპოვრობა.
რობერტსონს ზედიზედ 5 ბრძოლა აქვს მოგებული, ხოლო მინიმალურ წონაში დაბრუნების შემდეგ ბოლო 7 დაპირისპირებიდან ექვსში გაიმარჯვა. ბოლოს მან მარტში ამანდა ლემოსი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რობერტსონიც, პირველ რიგში, გრეპლერია. მას UFC-ის ისტორიაში ქალ მებრძოლებს შორის ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული საბმიშენით.
ამასთან, ქალთა დივიზიონებში ნაადრევი გამარჯვებების რაოდენობით ამანდა ნუნესთან ერთად პირველ ადგილს იყოფს. ორივეს ანგარიშზე 10 ასეთი გამარჯვებაა.
ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი შეიძლება გახდეს რობერტსონის უნარი, თავად განსაზღვროს არა მხოლოდ ის, თუ სად წარიმართება ბრძოლა, არამედ ისიც, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
თუ ის შეძლებს ახლო დისტანციაზე მუშაობას, კლინჩში კონტროლს ან პარტერში ზედა პოზიციის დაკავებას და დერნს სივრცის შექმნისა თუ საბმიშენის ძებნის საშუალებას არ მისცემს, ბრძოლა შესაძლოა ძალიან საინტერესო სცენარით განვითარდეს.
UFC 330-ის წინასწარი ქარდი 16 აგვისტოს 03:00 საათზე, ხოლო მთავარი ქარდი 05:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები