სარაგბო გამოცემა Rugbypass-ში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრონკანის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც მან ნაკრებში გაწეულ სამუშაოზე, სათამაშო სტილზე, ერთა თასსა და მსოფლიო თასისთვის მზადებაზე ისაუბრა.
ბრონკანის თქმით, დანიშვნის შემდეგ მთავარი ამოცანა როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა გუნდის შექმნა იყო, რადგან ბორჯღალოსნების მთავარ პრობლემას გუნდური თამაშის ნაკლებობა და ინდივიდუალური ქმედებებისკენ სწრაფვა წარმოადგენდა.
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ დასაწყისი რთული იყო და ურუგვაისთან გამარჯვების მიუხედავად, გუნდმა განსაკუთრებით შეტევაში ცუდად ითამაშა, თუმცა შემდეგ მდგომარეობა თანდათან გამოსწორდა.
სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ სურთ ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მხოლოდ შერკინებასა და ძალისმიერ თამაშზე არ იქნება დამოკიდებული:
გვყავს სწრაფი და ათლეტური მოთამაშეები და გვინდა, რომ ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობდეს, თამაშში უკანახაზელები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მოთამაშეები მეტ ინიციატივას იჩენდნენ და რისკიანად თამაშობდნენ.
ბრონკანის შეფასებით, მიღებული ლელოების მიუხედავად, ტონგასთან მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სწორედ იმ სტილთან ყველაზე ახლოს მდგომი, რომლის დანერგვასაც ცდილობენ.
ბრონკანმა ასევე აღნიშნა:
ქართული რაგბის განვითარებისთვის საჭიროა, უფრო მეტი კავშირი იყოს ეროვნულ და ასაკობრივ (U20, U18) ნაკრებებს, ქართულ კლუბებსა და უცხოეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს შორის, რადგან ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებს – ქართული რაგბის წარმატება.
მისი თქმით, მსოფლიო რაგბის ერთა თასი კარგი და სასარგებლო ტურნირია, თუმცა სწრაფი პროგრესისთვის საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან რეგულარული თამაში სჭირდება.
მწვრთნელმა საქართველოში მუშაობისა და ცხოვრების მიმართ თავის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ მამამისი 2007 წელს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, თავად კი საქართველო შეუყვარდა და მომავალში აქ დარჩენასაც არ გამორიცხავს.
ბრონკანის თქმით, მომავალი ათი თვე მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად გადამწყვეტი იქნება, რადგან განაცხადში მხოლოდ 33 მოთამაშე მოხვდება და კონკურენციის გაზრდა აუცილებელია.