2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრამდე, რომელშიც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება, ბერძნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვასილის სპანულისმა ისაუბრა.
სპანულისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩია, გუნდი ახლა მხოლოდ საქართველოსთან თამაშზე უნდა იყოს კონცენტრირებული და არა ესპანეთთან მომდევნო შეხვედრაზე:
აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და გავიმეოროთ ის, რაც წინა სანაკრებო ფანჯრის დროს ესპანეთთან საკუთარ მოედანზე მოვახერხეთ, როდესაც გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის რწმენა დავიბრუნეთ.
ბერძენმა სპეციალისტმა გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებსა და ნიკ კალატესის არყოფნაზეც ისაუბრა:
ტრავმების გამო ბევრი პრობლემა გვაქვს და სრულფასოვნად ვარჯიშსაც ვერ ვახერხებთ. რთულ მდგომარეობაში ვართ, თუმცა ამ სირთულეებს უნდა გავუმკლავდეთ და ეროვნული ნაკრებისთვის ვიბრძოლოთ. ყურადღება იმ კალათბურთელებზე უნდა გავამახვილოთ, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში არიან. საკუთარი მოედნის უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება.
ვასილის სპანულისის განცხადებით, კალატესის მნიშვნელობა აგვისტოშიც გამოჩნდა და მიმდინარე სეზონშიც კარგ ფორმაშია, თუმცა ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება, რაც დიდი დანაკლისია.
სპანულისმა საქართველოს ნაკრების საკადრო ვითარებაც შეაფასა. მან თორნიკე შენგელია და მარკის რიდი მთავარ ფიგურებად დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ ყურადღების გამახვილება თითოეულ მოთამაშეზეა საჭირო.
საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.