პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონის გახსნითი მატჩის მასპინძლობაზე უჩვეულო მიზეზის გამო თქვა უარი.
ზაფხულში ევროპაში დაფიქსირებულმა ძლიერმა სიცხეებმა და ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა პარკ დე პრენსის გაზონი დააზიანა.
ფრანგული კლუბის ოფიციალური განცხადებით, მინდვრის საფარი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ფეხბურთელების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, მომავალი კვირისთვის ჩანიშნული მატჩი რენის წინააღმდეგ პარიზიდან რენის სტადიონზე გადაიტანეს. პსჟ-ს ხელმძღვანელობამ უკვე მოუხადა ბოდიში გულშემატკივრებს და დაადასტურა, რომ ახალი გაზონის დამონტაჟება უკვე დაწყებულია.
კლუბი ვარაუდობს, რომ სამუშაოები დროულად დასრულდება და განახლებული მინდორი სექტემბრის დასაწყისისთვის, მონაკოს წინააღმდეგ გასამართი საშინაო შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.