ბელგიის ეროვნული ნაკრები მუნდიალს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა - რუდი გარსიას შეგირდები ესპანეთის ნაკრებთან 2:1 დამარცხდნენ. ისევე როგორც პლეი-ოფის წინა ორ მატჩში, წითელმა ეშმაკებმა ლოს ანჯელესშიც სათადარიგო მაისურებით ითამაშეს - ეს ყველაფერი საერთოდ არ ყოფილა შემთხვევითობა. წლევანდელ მსოფლიო თასზე ბელგიელები ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფორმით იწონებდნენ თავს.

“ხელოვნების ნიმუში” - ხშირად გაიგებდით წითელი ეშმაკების სათადარიგო მაისურზე და არც ეს შედარება ყოფილა გადაჭარბებული - ადიდასის ეს მაისური სწორედ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანის, რენე მაგრიტის ინსპირაციით შეიქმნა.
ცისფერ, ვარდისფერ და თეთრ მაისურს ამშვენებს გრაფიკული პრინტი, რომლებიც ბელგიელი სიურრეალისტი მხატვრის რენე მაგრიტის ვიზუალურ ენას ფეხბურთის სიმბოლოებთან აერთიანებს - ბურთები, რომლებიც მთელ მაისურზეა დატანილი მაგრიტის 1931 წლის ნამუშევრის - “კოსმოსის ხმის” მინიშნებაა.

არც ისაა შემთხვევითი, თუ როგორაა დამალული ბურთები თხელ ვერტიკალური ზოლებში - ესეც რენე მაგრიტის ხელწერაა.

Le Blanc-Seing (თავისუფალი მანდატი) - რენე მაგრიტი. 1965.

Les enfants trouvés (მიტოვებული ბავშვები) - რენე მაგრიტი. 1968.
ყველაზე თვალსაჩინო მინიშნება კი დიზაინერებმა მაისურის უკანა ნაწილზე დაიტანეს - “Ceci n’est pas un maillot”, რაც ითარგმნება როგორც - ეს არ არის მაისური და ბელგიელი სიურრეალისტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრების ხაზის, “გამოსახულებების ღალატის” გამოძახილია.


ეს არ არის ჩიბუხი - რენე მაგრიტი. 1929.

ეს არ არის ვაშლი - რენე მაგრიტი. 1929.
ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც წითელი ეშმაკების მეორე მაისური ბელგიური ფესვების მქონე მსოფლიო დონის სიმბოლოებს მიაგებს პატივს.
2016: ბელგიური ველოსპორტი
2022: Tomorrowland — ბელგიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

2024: ტინტინი - საკულტო ბელგიური კომიქსის გმირი

ადიდასი და ბელგიის ეროვნული ნაკრები წლებია გვახსენებენ, რომ ხელოვნებას ადგილი ყველგან აქვს - მათ შორის ფეხბურთშიც და მით უმეტეს, საფეხბურთო მაისურებზე.