საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორიამ პრესკონფერენციაზე სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
"17 წელი გავატარე საქართველოს ეროვნლ ნაკრებში, ეს როგორც რთული, ისევე საამაყოა. ფარერებთან ჩავატარებ ჩემს უკანასკნელ მატჩს საქართველოს ნაკრებში.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდზე იდგა ამ წლების განმავლობაში; ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, მწვრთნელებს, აბსოლუტურად ყველას, ვისთან ერთადაც მომიწია მუშაობა, ჩემს თანაგუნდელებს, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში, მადლობა მინდა გადავუხადო, ექიმებს სტაფის წევრებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში და განსაკუთრებით დინამო არენაზე გვერდზე გვედგნენ და ეს ყოველთვის იგრძნობოდა.
როცა მე ესპანეთთან ვითამაშე, 55 ათასი ადამიანი როგორ სკანდირებდა ჩემს გვარს, მინდოდა, რომ ეს ყოველთვის განმეორებულიყო.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, რომლებიც სამწუხაროდ დღეს არ არიან ჩემთან ერთად. სამაგიეროდ მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყვნენ, სანამ ცოცხლები იყვნენ, თავგანწირვით და რწმენით, ლოცვაში გაატარეს ჩემი საფეხბურთო კარიერა. ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან ნებისმიერი თამაშისა და სეივის დროს.
საქართველოს ნაკრების მაისური ჩემთვის უბრალო ფორმა არასდროს ყოფილა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი, ჩემი ოცნება იყო ბავშვობაში საქართველოს ნაკრებში თამაში და ამ მაისურის ტარება.
მადლობა საქართველო, მე ვამთავრებ სანაკრებო კარიერას სუფთა გულით. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება შემეტანა ჩემი წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში ამ გუნდთან ერთად და მე კვლავაც დავრჩები ქართული ფეხბურთისთვის, რადგან მინდა, რომ ჩემი ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობებს. ყოველთვის ქართული ფეხბურთის გვერდზე ვიქნები, მადლობა საქართველოს." - განაცხადა გიორგი ლორიამ.
ლორია თავის ბოლო მატჩს ნაკრების მაისურით 5 ივნისს, დინამო არენაზე, ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ჩაატარებს. ვილი სანიოლის თქმით, სწორედ ლორია იქნება გუნდის კაპიტანი ამ შეხვედრაში.
ლორიაზე, ახალ სახეებზე, ხვიჩაზე - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია