-
Aa
+
ფონტის ზომა
10. ბერტი ვოგტსი
გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და ბუნდესნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრიც იყო - ბერტი მუნდიალზე გამართული 19 მატჩიდან მხოლოდ სამში დამარცხდა. ვოგტსი 1974 წლის ფინალში ღირსეულად დაუდგა იოჰან კრუიფსა და ნიდერლანდელებს და მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.
9. ბებეტო
ჯოზე რობერტო გამა დე ოლივეირას დებიუტი მუნდიალზე 1990 წელს შედგა. ოთხი წლის შემდეგ, ამერიკის მუნდიალზე კი ბებეტომ ბრაზილიის ტრიუმფში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. ყველაზე შედეგიანი ბებტოსთვის 1998 წლის მსოფლიო თასი იყო - ცენტრფორვარდმა საფრანგეთში 3 გოლი გაიტანა და 2-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. ბებეტოს სტატისტიკა მუნდიალებზე ასეთია: 15 მატჩში 6 გოლი, 4 ასისტი.
8. კრიშტიანუ რონალდუ
მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო გოლეადორი ჯერჯერობით წარმატებული მუნდიალით ვერ დაიკვეხნის. კრიშტიანუ რეკორდულ მეექვსე მუნდიალზე მიემგზავრება - წინა ხუთი მუნდიალის სტატისტიკა კი ასეთია: 22 მატჩი - 8 გოლი, 2 ასისტი. კრიშტიანუ თავისი პირველი საპლეიოფო გოლის გატანას 2026 წლის მსოფლიო თასზე შეეცდება.
7. პიერ ლიტბარსკი
გერმანელმა შემტევმა ნახევარმცველმა სამ მუნდიალზე ითამაშა და სამივეჯერ გახდა მედლის მფლობელი - 1990 წელს პიერი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 1982 და 1986 წლებში კი ფინალში დამარცხდა. ლიტბარსკი 80-იანი წლების ბუნდესნაკრების უმნიშვნელოვანესი წევრი იყო - პიერმა მუნდიალზე 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა. გამორჩეული იყო 1982 წლის ნახევარფინალში საფრანგეთთან - გერმანელმა ჯერ თავად გაიტანა, დამატებით დროში კი რუმენიგეს გაატანინა.
6. დავიდ ვილა
ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა სამ მუნდიალზე ითამაშა და ჯამში 12 თამაშში 9 გოლსა და ერთ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. გამორჩეული იყო ვილასთვის 2010 წლის მუნდიალი - ესპანელმა ფორვარდმა სამხრეთ აფრიკაში 5 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
5. ხორხე ბურუჩაგა
არგენტინელმა ორ მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა და ორივე შემთხვევაში ფინალი ითამაშა. გამორჩეული იყო ხორხესთვის 1986 წლის მუნდიალი - ბურუჩაგამ ნახევარფინალში მარადონას ბრწყინვალე ასისტი გაუკეთა ბელგიელთა კარში გატანილ პირველ გოლზე, ხოლო ფინალში საერთოდ მატჩის გმირი გახდა. შვიდიანმა ჯერ ბრაუნს გაატანინა, 84-ე წუთზე კი მსოფლიო ჩემპიონობის მომტანი გოლი გაიტანა გერმანელთა კარში. ბურუჩაგას მუნდიალებზე სულ 14 მატჩი აქვს გამართული, სადაც 3 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
4. ანტუან გრიზმანი
ფრანგმა სამ მუნდიალზე მიიღო მონაწილეობა - 19 მატჩი - 4 გოლი, 7 ასისტი. გრიზმანისთვის გამორჩეული იყო 2018 წლის მსოფლიო თასი - ფლეი-ოფში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, შედეგიანი იყო ტურნირის ყველა ეტაპზე, როგორც ჯგუფურზე, ისე მერვედფინალში, მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში. გრიზმანი დასახელდა ფინალის საუკეთესო მოთამაშედ და ტურნირის ბრინჯაოს ბურთის მფლობელიც გახდა. 2022 წლის მუნდიალი ფრანგისთვის ბოლო აღმოჩნდა - დეშამმა მას ახალი, უკანდაწეული როლი შეუთავსა - ინგლისთან მეოთხედფინალურ მატჩში გრიზმანმა 2 ასისტი მიითვალა, მაროკოსთან ნახევარფინალში კი მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.
3. მარიო ზაგალო
ბრაზილიის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ ორ მსოფლიო თასზე იასპარეზა და ორივე გამარჯვებით დაასრულა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო შვიდიანი 1958 წლის მუნდიალის ფინალში - ზაგალომ ჯერ თავად გაიტანა, მატჩის ბოლოს კი პელეს გაატანინა. უკეთესი გამოუვიდა მარიოს ჩილეში გამართული მსოფლიო თასი - 1962 წელს ზაგალომ ერთი გოლისა და 5 ასისტის გაკეთება შეძლო. საგოლე გადაცემები დააგროვა მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მუნდიალებზე სულ 12 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
2. ჟაირზინიო
ჟაირ ვენტურა ფილიო დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალის მოგება ისე მოახერხა, რომ გოლი ყველა შეხვედრაში გაიტანა - შვიდიანმა 1970 წლის მუნდიალზე ყველა მეტოქის დამწუხრება შეძლო: ჩეხოსლოვაკია (ორჯერ), ინგლისი, რუმინეთი, პერუ, ურუგვაი და იტალია. 6 მატჩში 7 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა - გოლი და ასისტი ფინალში იტალიასთან. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ მუნდიალებზე სულ 16 მატჩი ჩაატარა და 9 გოლსა და 3 ასისტს მოუყარა თავი.
1. მანე გარინჩა
“ხალხის სიხარული” - მეტსახელი, რომელზეც თვით პელეც კი ოცნებობდა, მანე გარინჩას ხვედრია. ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა პირველი მუნდიალი 1958 წელს მოიგო, 1962 წლის მსოფლიო თასი კი მისთვის საბენეფისო აღმოჩნდა - 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. მანე ტურნირის ბომბარდირი გახდა, 1962 წლის ჩემპიონატს კი დღემდე გარინჩას მუნდიალად მოიხსენიებენ.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები

