ავსტრიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში გრაცის შტურმმა საკუთარ კედლებში ლიდერი ლასკი 2:1 დაამარცხა.
მატჩის მიწურულს სტუმრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ VAR-ის სისტემამ ვერ იმუშაა, რადგან სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა.
როგორც გაირკვა, გენერატორთან მხოლოდ პროჟექტორები იყო დაკავშირებული, ხოლო ტექნიკური აპარატურა და მონიტორები დენის გარეშე დარჩა. მარტივად რომ ვთქვათ, გრაცელები უშუქობამ გადაარჩინა.
ტექნიკურმა კოლაფსმა სატელევიზიო მაუწყებლობაც დააზარალა. Sky Sport Austria-ს ტრანსლაცია გაითიშა, რის გამოც მაყურებლებმა ვერც სადავო ეპიზოდი და ვერც მატჩის ბოლოს დანიშნული პენალტი იხილეს, რომელიც ოთარ კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში გიზი მამაგეიშვილმა 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო ტრავმამოშუშებული ოთარ კიტეიშვილი მოედანზე 61-ე წუთზე სწორედ მამაგეიშვილის ნაცვლად გამოჩნდა.
VIDEO: ქართველები ავსტრიაში - გიზის მნიშვნელოვანი გოლი
ექვსი ტურის შემდეგ შტურმს 11 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს.