ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩი, ტორპედო ქუთაისსა და დინამო ბათუმს შორის, ბიორნ იონსენის ბენეფისად იქცა. იმერელთა ნორვეგიელმა ფორვარდმა 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავის პირველ ადგილზე აინაცვლა.
სკანდინავიელმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, რასაც მალევე ლუკა ქაფიანიძის ავტოგოლი და სხვაობის ორამდე გაზრდა მოჰყვა. იონსენმა პირველსავე ტაიმში ორი პენალტიც შეაგდო და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. 68-ე წუთზე, ნორვეგიელს კიდევ ერთი შანსი მიეცა და პოკერი შეასრულა.
შედეგად, ბიორნ იონსენმა ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში 16 გოლი მოაგროვა და დღევანდელამდე მთავარ ბომბარდირ გიორგი ფანცულაიას 1 გოლით გაუსწრო. საინტერესოა, რომ იონსენმა ამ 16-დან 6 გოლი (37.5%) სწორედ ბათუმელებს გაუტანა.
ტორპედოს 53 ქულა აქვს და სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებს - დინამო თბილისს 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში იმერულ დერბიში სამგურალს ესტუმრება, რის შემდეგაც კოლხეთს მიიღებს და იმავე დინამო თბილისთან დედაქალაქში ითამაშებს, ხოლო ჩემპიონატს გარეჯთან საშინაო მატჩით დაასრულებს.