VIDEO: ნიქსი შეუჩერებელია - მეორე გასვლითი გამარჯვება და სოლიდური უპირატესობა ფინალში
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნიუ იორკ ნიქსმა სან ანტონიო სპერსს ფინალურ სერიაში მეორე გასვლითი მატჩიც მოუგო და 2:0 დაწინაურდა.
გუნდები დიდ შესვენებაზე ნიუ იორკელთა 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ, მესამე მეოთხედში მათი უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, მეოთხე პერიოდის შუაში კი 14-მა ქულამაც შეადგინა, თუმცა ტექსასელებმა თამაში დაქაჩეს და ბოლო წამებზე წინ გასვლა 2-ჯერ შეძლეს, საბოლოოდ, ჯეილენ ბრანსონის საჯარიმო გადამწყვეტი გამოდგა და ნიქსმა დაძაბული ფინიში თავისკენ გადახარა - 105:104.
სუპერ მატჩი ჰქონდა კარლ-ენტონი თაუნსს, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა, 13 მოხსნა, 4 ასისტი; მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდათ მიკალ ბრიჯისსა (20 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი) და ჯეილენ ბრანსონს (20 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი, 5 ჩაჭრა); ოგუგუა ანუნობიმ გუნდს 17 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება შესძინა; ხოლო ლანდრი შამეტმა 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 ასისტი მიითვალა.
"შესანიშნავმა მოთამაშემ შესანიშნავად ისროლა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩავარდა... სპერსმა იბრძოლა, თამაშში დაბრუნება შეძლო და გამარჯვების შანსი მოიპოვა, ჩვენ კი იმიტომ მოვიგეთ, რომ უფრო მეტი მონდომება და გამძლეობა გამოვიჩინეთ", - აღნიშნა მატჩის შემდეგ კარლ-ენტონი თაუნსმა.
სპერსის მხარეს, ვიქტორ ვემბანიამამ 29 ქულა, 9 მოხსნა, 2 ასისტი, 2 ჩაჭრა, 4 დაფარება ჩაიწერა აქტივში; დე'აარონ ფოქსს 20 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი ჰქონდა; დილენ ჰარპერს - 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი; ხოლო სტეფონ ქასლმა და დეივინ ვასელმა 14-14 ქულა მიითვალეს.
მაიკ ბრაუნის გუნდმა პლეი-ოფში ზედიზედ მე-13 თამაში მოიგო, რაც NBA-ის ერთ სეზონში ისტორიულად მე-2 შედეგია - გოლდენ სტეიტ უორიორსმა 2017-ში მიჯრით 15 გამარჯვება იზეიმა.
ამრიგად, ნიქსმა ფინალური სერიის საწყისი ორივე გასვლითი მატჩი მოიგო და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. სერია ახლა დიდი ვაშლის ქალაქში გადაინაცვლებს და 2 თამაში იქ ჩატარდება - 9 ივნისის 04:30 საათსა და 11 ივნისის 04:30 საათზე.