VIDEO: თავით ლამაზად შეაგდო - კიტეიშვილი ბომბარდირთა დავაში ისევ გალიდერდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცმა ავსტრიის ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურამდე შეინარჩუნა.
ბუნდესლიგის ბოლოსწინა, 31-ე ტურში, გრაცელებმა ჰარტბერგი სტუმრად 4:2 დაამარცხეს, კიტეიშვილმა კი მორიგი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა.
ქართველმა ნახევარმცველმა 25-ე წუთზე ლამაზი თავური დარტყმით შეაგდო, ჩემპიონატში 15 გოლი მოაგროვა და რიდის ზამბიელ შემტევ კინგსტონ მუტანდვას 1 გოლით გაუსწრო.
ოთარს კარიერის ყველაზე შედეგიანი საჩემპიონატო სეზონი აქვს - აქამდე საუკეთესო სეზონი 12-გოლიანი ჰქონდა. ყველა საკლუბო ტურნირის ეგიდით, წელს 40 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 23 საგოლე მოქმედება შეასრულა - 19 გოლი, 4 ასისტი.
აღსანიშნავია, რომ შტურმმა 5 აპრილის შემდეგ პირველად მოიგო და 5-მატჩიანი ფრეების სერია შეწყვიტა.
ბოლო ტურის წინ, ასეთი მდგომარეობაა - შტურმი ლიდერ ლასკ-ს 2 ქულით ჩამორჩება და თუკი ბოლო ტურში კონკურენტი ვერ მოიგებს და თავად 3 ქულას აიღებს, ჩემპიონი გახდება, რადგან ურთიერთშეხვედრებში თანაბარი ბალანსია, ხოლო ბურთების შეფარდებით უკეთესი იქნება.
17 მაისს, შტურმი შინ რაპიდ ვენას შეხვდება, რომელსაც ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ შერჩა, ხოლო ლასკ-ი სტუმრად ეთამაშება აუსტრია ვენას, რომელიც ასევე ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის - ორივე მათგანი დაელოდება პარალელურად ზალცბურგის შედეგს, რადგან ახლა ევროპა ლიგაზე გამსვლელ მე-4 პოზიციაზე სწორედ ისაა.