• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
1962 წლის სანტიაგოს ბრძოლა
ფეხბურთიფეხბურთი

1962 წლის სანტიაგოს ბრძოლა

15 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახმაურებული შეხვედრა, რომელიც მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი მატჩის სახელითაა ცნობილი, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში, 2 ივნისს შედგა.


შვეიცარიასთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, მუნდიალის მასპინძელი ჩილე სახელოვანი იტალიის წინააღმდეგ „ესტადიო ნასიონალზე“ 66 000 გულშემატკივარის თვალწინ გამოვიდა. უამრავი ჩილელი საკუთარი ნაკრების გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. თავის მხრივ, იტალიელებს, რომლებმაც პირველ ტურში დასავლეთ გერმანიასთან თამაში ფრედ დაასრულეს, ქულების მოპოვების ეიმედებოდათ, თუმცა, ხსენებული მატჩი, რომელიც ისტორიას „სანტიაგოს ბრძოლის“ სახელით შემორჩა, ფეხბურთზე მეტს ეხებოდა - იგი ეროვნული სიამაყის დონეზე გადიოდა.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორი იტალიელი ჟურნალისტი, ანტონიო გირელი (Corriere della Sera) და კორადო პიცინელი (La Nazione) მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის შესახებ მწვავე პროვოკაციულ სტატიებს წერდნენ, ჩილელებს კი მოთმინების ფიალა სწორედ რომ მატჩის წინ აევსოთ... როგორც ამბობენ, ეს გახდა მასპინძელთა საფეხბურთო აგრესიის მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უაზრო და ძალადობრივი მატჩისა, რაც ევროპულ და სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებს შორის ათწლეულების განმავლობაში პრინციპული დაპირისპირებების საფუძვლად იქცა.


სანამ ამ უხეში მატჩის უშუალო დეტალებზე გადავალთ, მოკლედ გეტყვით ჩილეს მუნდიალის მასპინძლობის ისტორიაზე.


ცნობისთვის, ჩილემ 1962 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება დიდი ბრძოლითა და ვნებათაღელვით მოიპოვა. ამაში მას მეზობელი არგენტინა და დასავლეთ გერმანია ეცილებოდნენ, თუმცა, FIFA-ს თხოვნით, გერმანელებმა საკუთარი კანდიდატურა მალევე მოხსნეს, რათა მსოფლიო პირველობა უეჭველად სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულიყო.


არგენტინელებს უკეთესი ინფრასტრუქტურა, საფეხბურთო წარსული და ისტორია უმაგრებდათ ზურგს, მაგრამ ჩილელთა მთავარი კოზირი მათი ფეხბურთის ასოციაციის ქარიზმატული ხელმძღვანელი კარლოს დიტბორნი იყო, რომლის გავლენით, 1956 წელს გამართულ კენჭისყრაზე, ჩილემ მეზობელი არგენტინა თითქმის სამჯერ მეტი ხმით (32/11) დაჯაბნა.


ყველაფერი კინაღამ ჩაშალა ჩილეში 1960 წლის 22 მაისს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, რომელიც ვალდივიას მიწისძვრისა და ცუნამის სახელითაა ცნობილი. 


ათასობით დაღუპული, კიდევ უფრო მეტი უსახლკარო და უდიდესი ფინანსური ზარალი ჩილეს ისედაც სუსტი ეკონომიკისთვის სასიკვდილო დარტყმა გამოდგა, რვა გამზადებული საფეხბურთო სტადიონიდან  ოთხი ქალაქის (ვალდივია, კონსეპსიონი, ტალკა და ტალკაუანო) სარბიელი უმალ გახდა გამოუსადეგარი ნაგვის გროვა... თუმცა, სამხრეთ ამერიკელებს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დაუდგა მხარში და ფინანსური დახმარების სახით, ქვეყნის ბიუჯეტში დიდი თანხები შევიდა მუნდიალის გადასარჩენად.


ორმა ქალაქმა, სანტიაგომ და ვინია დელ მარმა დროულად მოახერხა სტადიონების რესტავრირება. ჩილეში დაფუძნებულმა ამერიკულმა სპილენძისმომპოვებელმა კომპანია „ბრეიდენმა“ (Braden Copper Company) ასევე გაიღო თანხა ქალაქ რანკაგუაში მდებარე სტადიონის საბოლოო სახის მისაცემად.


გასაკვირი არ არის, რომ ნანგრევების ნულიდან აღდგენის მცდელობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამძაფრა პატრიოტული განწყობები. თავად განსაჯეთ, ჩილეს ეროვნულმა ნაკრებმა წელიწადნახევარი გაატარა სამშობლოსა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობაში, ჩილეს მდგომარეობის შესახებ ცნობიერების სამაღლებლად და ეროვნული სიამაყის გასაღვივებლად.


ასე რომ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, უთვალავმა ჩილელმა კარგად გაიზიარა მშობლიური მუნდიალის მნიშვნელობა და საყოველთაო აღფრთოვანების ფასიც ბოლომდე გაიაზრა - ის ხომ ერის აღორძინების სიმბოლო იყო. 


სხვათა შორის, კარლოს დიტბორნი, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის სამშობლოში ჩასატარებლად, ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, გულის შეტევით, 41 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ჩილელ ფეხბურთელებს ჩემპიონატის განმავლობაში შავი სამკლავურები ეკეთათ, ჩრდილოურ ქალაქ არიკას სტადიონს კი მისი სახელი მიენიჭა.


მითიური ფენიქსის მსგავსად ჩილეს ფერფლიდან აღდგომას ლამის მაგიურ საქმედ თვლიდნენ. მთელი მსოფლიო ჩილელი ხალხის გამძლეობის შესახებ ქება-დიდებას არ იშურებდა, თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, ყველა როდი იყო აღფრთოვანებული და კმაყოფილი ჩილეური მუნდიალით - იტალიელმა ჟურნალისტებმა ტურნირის ჩილეში ჩატარებას „ნამდვილი სიგიჟე“ უწოდეს, დედაქალაქი სანტიაგო კი ისე აღწერეს, როგორც - უკაცრიელი ადგილი, სადაც ტელეფონები არ მუშაობდა, ტაქსები იშვიათი იყო, წერილის ჩასვლას ხუთი დღე სჭირდებოდა, ბინძურ ქუჩებში ალკოჰოლიზმი და პროსტიტუცია დუღდა და სხვა არაერთი ანალოგიური დამცინავი თუ დამამცირებელი ამბები მოიგონეს.


საპასუხოდ, არც ჩილეს პრესამ დააკლო და ცილისმწამებლური ნაწერების კვალად, წამყვანმა გაზეთმა El Mercurio-მ იტალიურ სტატიებს რედაქტირება გაუკეთა, შეურაცხყოფის გასაძლიერებლად განგებ დაამახინჯა და მასობრივად გადაბეჭდა. სხვა გამოცემამ (Clarín de Santiago) კი ნაწერებთან დაკავშირებულ სტატიას „მსოფლიო ომი“ დაარქვა. ამას ისიც დაერთო, რომ ჩემპიონატის დაწყებისთანავე იტალიელებს ბარებში შესვლა აეკრძალათ, 2 ივნისის მატჩის წინ კი ქუჩაში სასტიკად გაუსწორდნენ არგენტინელ ჟურნალისტს, რომელიც ჩილელებს იტალიელი ეგონათ...


დღევანდელი შეფასებით, რომ არა იტალიელი ჟურნალისტი დუეტის საგაზეთო სტატიები, დიდი ალბათობით „სანტიაგოს ბრძოლა“ არ შედგებოდა.



ამრიგად, ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ერთმანეთის უკვე გვარიანად მოძულე გუნდები წარსდგნენ პირისპირ. იტალიელი ფეხბურთელები ფრთხილობდნენ და თამაშის დაწყებამდე მასპინძლების დამშვიდება სცადეს: მათ სტადიონის ყველა კუთხესთან მიირბინეს და ჩილელ ქალ მაყურებლებს ყვავილების თაიგულები გადასცეს, თუმცა ამაოდ - ყვავილები ფეხბურთელებს ზიზღით უმალ უკანვე ესროლეს. ნათელი იყო, ეს დღე შერიგებისთვის ნამდვილად არ გამოდგებოდა.


ინგლისელი არბიტრის, კენეტ ასტონის თამაშის დაწყების სასტვენის ხმიდან 12 წამში უკვე პირველი ჯარიმა დაინიშნა, რამდენიმე წუთში კი მსაჯი იძულებული გახდა, მოწინააღმდეგეებს შორის შესაძლო ხელჩართული ჩხუბი აღეკვეთა და მოედნიდან  გააძევა იტალიელი ნახევარმცველი ჯორჯო ფერინი, რომელმაც ჩილელ ონორინო ლანდას მსაჯის თვალწინ წიხლი უთავაზა... ამავე მომენტში რეფერიმ ვერ დაინახა, როგორ გაუტეხა ცხვირი ცაცია მუშტით ჩილეს ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა, მოკრივე მამის შვილმა ლეონელ სანჩესმა უმბერტო მასკიოს, ფერინიმ კი იქამდე არ დატოვა მინდორი, სანამ პოლიციელებმა ძალით არ გაიყვანეს...



მატჩი, რომლის ტრანსლაცია მთელ მსოფლიოში გადაიცემოდა, ფეხბურთის მოყვარულთა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. პირველი ტაიმის მიწურულს ჩილელთა უხეშობაზე საპასუხო ქმედებისთვის ინგლისელმა რეფერიმ მარიო დავიდიც მიაბრძანა მოედნიდან, რამაც „სკვადრა აძურა“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო - იტალიის ნაკრებმა მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა.




დაუნდობელი შეხვედრის მიმდინარეობისას ადგილობრივი პოლიციელები არაერთხელ ჩაერთნენ საქმეში: თამაში ბევრჯერ გაჩერდა და სანამ გაგრძელდებოდა, სიტუაციის დასაშოშმინებლად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.



მეორე დღეს იტალილელები არც ჩილეურმა პრესამ დაინდო. გაზეთებში თამამად წერდნენ, რომ ევროპელი ფეხბურთელები გამუდმებით პროვოცირებდნენ და უხეშობდნენ, ჩილეს ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენელმა ხორხე პიკამ კი პირდაპირ განაცხადა, რომ იტალიელელს დოპინგი ჰქონდათ მიღებული...


„ყველა თანხმდება, რომ მატჩი საძაგელი, სასტიკი და სამარცხვინოა ფეხბურთის ისტორიაში. თუ ფიქრობთ, რომ ეს სიტყვები გაზვიადებულია, ჩართეთ და უყურეთ, ოღონდ ბავშვები მოარიდეთ - ის საშინელებათა ფილმის კატეგორიისაა“. - დაწერა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ფრენკ მაკგიმ.


BBC-ის კორესპონდენტმა დევიდ კოულმენმა კი შეხვედრას „ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სულელური, ამაზრზენი, საზიზღარი და სამარცხვინო მატჩი“ უწოდა.


უამრავი კრიტიკოსი ჰყავდა კენ ასტონსაც, რომელმაც სხვათა შორის ჩილეს ნაკრების პირველი მატჩიც იმსაჯა. საყოველთაო მოსაზრებით, ლეონელ სანჩესიც იმსახურებდა გაძევებას როკი მარჩიანოს მსგავსი კრივის ილეთის გამოყენებისთვის. ინგლისელი არბიტრი კი იმდენად შეშინებული ჩანდა, თითქმის ყველა სადაო ეპიზოდი მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.


იტალიამ გული იმითღა იჯერა, რომ მესამე ტურის შეხვედრაში, უკვე მუნდიალს გამომშვიდებულმა „სკვადრა აძურამ“ მეზობელი შვეიცარია არ დაინდო და 3:0 სძლია „ნეიტრალებს“.


საერთოდაც, ჩილეს მუნდიალზე მრავლად იყო ზღვარს გადასული უხეშობა და ძალადობა. მინდორზე ერთმანეთი არ დაინდეს არგენტინელებმა და ბულგარელებმა, იუგოსლავიისა და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებმა, გააძევეს ამ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ლეგენდარული გარინჩაც კი... 


„სანტიაგოს ბრძოლა“ დღეს მუნდიალების ისტორიაში იმ უხეში მატჩების გვერდით დგას, როგორებიც 1938 წლის „ბორდოს ბრძოლა (ბრაზილია-ჩეხოსლოვაკია), 1954 წლის „ბერნის ბრძოლა“ (უნგრეთი-ბრაზილია) და 2006 წლის „ნიურნბერგის ბრძოლაა“ (პორტუგალია-ნიდერლანდები).

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ჩილე
იტალია
იტალიის ნაკრები
მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კონტე ჟურნალისტებს: „ასე თუ გააგრძელებთ, საერთოდ აღარაფერს ვიტყვი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონტე ჟურნალისტებს: „ასე თუ გააგრძელებთ, საერთოდ აღარაფერს ვიტყვი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

განის ნაკრებს მუნდიალზე კარლოს კეიროში უხელმძღვანელებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

განის ნაკრებს მუნდიალზე კარლოს კეიროში უხელმძღვანელებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA ტრამპს საიმიგრაციო რეიდების შეჩერებას სთხოვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA ტრამპს საიმიგრაციო რეიდების შეჩერებას სთხოვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინო: "ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინო: "ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 აპრ, 2026

კონტე ჟურნალისტებს: „ასე თუ გააგრძელებთ, საერთოდ აღარაფერს ვიტყვი"

News image

14 აპრ, 2026

განის ნაკრებს მუნდიალზე კარლოს კეიროში უხელმძღვანელებს

News image

14 აპრ, 2026

FIFA ტრამპს საიმიგრაციო რეიდების შეჩერებას სთხოვს

News image

5 სთ წინ

ინფანტინო: "ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება