-
Aa
+
ფონტის ზომა
ტურნირის პირველი 11 ბრძოლა ვადაზე ადრე დასრულდა, რითაც ღონისძიების დასაწყისში ზედიზედ დაფიქსირებული ნაადრევი დასრულებების რეკორდი განმეორდა.
ამასთან, 13 დაპირისპირებიდან 12 მსაჯების გადაწყვეტილებამდე არ მისულა, რაც UFC-ის ერთ ღონისძიებაზე ვადაზე ადრე დასრულებული ბრძოლების რეკორდის გამეორებაა.
მიუხედავად იმისა, რომ კანადელი მებრძოლებისთვის საღამო არაერთგვაროვანი გამოდგა, ტურნირი მასპინძლების ზედიზედ 2 გამარჯვებით დასრულდა.
ჯერ ჟასმინ ჟასუდავიჩიუსმა ერინ ბლანჩფილდი დაამარცხა, შემდეგ კი მაიკ მალოტმა ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა.
მაიკ მალოტმა ედმონტონში გამართული ტურნირი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა. მეორე რაუნდის შუაში კანადელმა ხოაკინ ბაკლის ნიკაპში მუხლი მოარტყა და მეტოქე მძიმე ნოკაუტში ჩააგდო.
პირველი რაუნდი დაძაბული, თუმცა შედარებით პასიური გამოდგა. ორივე მებრძოლმა რამდენიმე დარტყმა განახორციელა, მაგრამ ვერცერთმა შეძლო უპირატესობის მოპოვება და ბრძოლის კონტროლის ხელში აღება.
მეორე რაუნდის შუაში, როდესაც ბაკლი შეტევის მიზნით წინ გადაიხარა, მალოტმა ფეხით დარტყმით უპასუხა. მისი მუხლი მეტოქეს ზუსტად ნიკაპში მოხვდა, რის შედეგადაც ბაკლიმ გონება დაკარგა.
ეს შესანიშნავი გამოსვლა იყო კანადელი მებრძოლისთვის, რომელმაც ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ხუთივე ბრძოლა კანადაში გამართა.
მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირას რეიტინგის განახლების შემდეგ მალოტი თავისი წონითი კატეგორიის საუკეთესო ათეულში მოხვდება.
თანამთავარ ბრძოლაში ჟასმინ ჟასუდავიჩიუსმა კარიერაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და სერიოზული განაცხადი გააკეთა სუპერმსუბუქი წონის (125 ფუნტი) ახალ ჩემპიონ ნატალია სილვასთან განმეორებით დაპირისპირებაზე.
კანადელმა მებრძოლმა პირველ ორ რაუნდში ერინ ბლანჩფილდს ჭიდაობაში აჯობა და შეხვედრის მიმდინარეობას აკონტროლებდა.
კანადელი პარტერში ამერიკელ მეტოქეზე აშკარად უკეთ გამოიყურებოდა. პირველ ორ რაუნდში მან რამდენჯერმე შეძლო ბლანჩფილდის ოქტაგონის კუთხესთან მოქცევა, დომინანტური პოზიციების დაკავება და მტკივნეული ილეთებით ბრძოლის დასრულების მცდელობა.
მე-3 რაუნდში ბლანჩფილდმა ბრძოლა დგომში გადაიტანა და დარტყმების გაცვლისას უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა 27 წლის ამერიკელისთვის ეს უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.
საღამოს განმავლობაში პირველად გახდა საჭირო მსაჯების გადაწყვეტილება, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს არ იწვევდა.
ჟასუდავიჩიუსმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და საჩემპიონო ბრძოლისთვის პრეტენდენტთა შორის საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
კანადელმა ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა, ბოლო 8 ბრძოლიდან კი 7 მოიგო. ამ შედეგებით მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 125-ფუნტიანი წონითი კატეგორიის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები