ESPN-ის ჟურნალისტ შამს ჩარანიას ცნობით, სან ანტონიო სპურსის ვარსკვლავი ვიქტორ ვემბანიამა კლუბთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა, რომლის ღირებულებაც 252 მილიონი დოლარია.
ხელშეკრულების მე-5 წელი მოთამაშის ოფციას ითვალისწინებს. ვემბანიამამ 25%-იანი მაქსიმალური კონტრაქტი აირჩია და უარი თქვა 30%-იან სუპერ მაქსიმალურ კონტრაქტზე, რომლის ღირებულებაც 303 მილიონ დოლარს მიაღწევდა.
მან და სპურსმა შეთანხმების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, სან ანტონიომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესაძლოა დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დაზოგოს.
დამატებითი ბონუსების გარეშე, ვემბანიამას ხელშეკრულება NBA-ის ისტორიაში ახალბედა მოთამაშის კონტრაქტის მე-3 ყველაზე ძვირადღირებული გახანგრძლივებაა.
მას მხოლოდ დეტროიტ პისტონსის კეიდ კანინგემისა და კლივლენდ კავალიერსის ევან მობლის ხუთწლიანი, 269-მილიონდოლარიანი კონტრაქტები უსწრებს.
სან ანტონიო ვემბანიამასა და მის წარმომადგენლებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და კალათბურთელს როგორც სრულ სუპერ მაქსიმალურ კონტრაქტს, ისე ხელშეკრულების გახანგრძლივების სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდა.
საბოლოოდ, ვემბანიამამ ფინანსურ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა, რათა როგორც მას, ისე ორგანიზაციას ჰქონოდა მეტი შესაძლებლობა, მის გარშემო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჩემპიონო გუნდი აეშენებინათ.