მიუხედავად იმისა, რომ ჰარი კეინი მიმდინარე სეზონში გატანილი 70 გოლით ოქროს ბურთის მოპოვების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ნამდვილ ლიდერად ჯუდ ბელინგემი ჩამოყალიბდა.
პანამასთან 2:0 მოგებულ მატჩში რეალ მადრიდის ვარსკვლავმა მოედანზე ყველაფერი გააკეთა: გაიტანა გოლი, შეასრულა საგოლე გადაცემა კეინზე და ლიდერობდა გუნდს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ნიუ-ჯერსის სტადიონზე შეკრებილმა ფანებმა მატჩის შემდეგ ბელინგემს ნამდვილი ოვაცია მოუწყვეს.
არც ისე დიდი ხნის წინ, თომას ტუხელის 4-2-3-1 სისტემაში ბელინგემის ძირითადში ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან ასტონ ვილას ნახევარმცველი მორგან როჯერსი ფანტასტიკურ ფორმაში იყო. ტუხელი ჯუდს საჯაროდაც კი აკრიტიკებდა, თუმცა მუნდიალის სტარტზე, ხორვატიასთან მძიმე მატჩისას, სწორედ ბელინგემმა აიღო თამაში საკუთარ თავზე, გააღვიძა გუნდი და ინგლისს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ინგლისურ ფეხბურთში ბელინგემს ხშირად სტივენ ჯერარდს ადარებენ, თუმცა თავად ჯერარდმაც აღიარა, რომ ჯუდი მის ახალგაზრდობაზე ბევრად წინ არის. ლივერპულის ლეგენდას ნაკრებში ასეთი დომინანტური ტურნირები არ ჰქონია, ინგლისს კი უეინ რუნის 2004 წლის პიკის შემდეგ არ ჰყოლია მოთამაშე, რომელსაც მატჩის ბედის ერთპიროვნულად გადაწყვეტა ასე ეფექტურად შეუძლია.
დღეს, როდესაც ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში კიდევ ერთხელ ამტკიცებს გენიალური ტალანტის ფასს, ბელინგემი ინგლისის პასუხია რვაგზის ოქროს ბურთის მფლობელზე. ის არის ლიდერი, რომელსაც აქვს ყველაფერი - ფიზიკური ძალა, ტექნიკა და რაც მთავარია, უდიდესი მენტალიტეტი, რათა ინგლისის ნაკრებს ისტორიაში მეორე მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინოს.
1/16 ფინალში ტუხელის გუნდი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდება.