სელტიკისა და ჰართსის სკანდალურ საჩემპიონო მატჩს, რომელიც მოედანზე ფანების მასობრივი შემოჭრით დასრულდა, ინგლისის მსაჯთა კორპუსის (PGMOL) ყოფილი ხელმძღვანელი კით ჰეკეტი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, მატჩის არბიტრ დონ რობერტსონს სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა. ფინალის დასასრული იყო აბსოლუტურად ქაოსური და მიუღებელი, მსაჯმა კი საფინალო სასტვენი ფეხბურთელებისა და ოფიციალური პირების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ჩასტვინა, რადგან შეხვედრის გაგრძელება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მატჩის 98-ე წუთზე, კალუმ ოსმანდის გოლის შემდეგ, როდესაც ანგარიში 3-1 გახდა, სელტიკის გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ. მსაჯმა თამაში ისე დაასრულა, რომ ჰართსს ცენტრიდან ბურთის გათამაშების შესაძლებლობაც კი არ მისცა. ამ ფაქტმა საფეხბურთო წრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
გატეხილი გულები ედინბურგში - დრამატული შოტლანდიური ფინიში
გულშემატკივრებისა და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ წესების უხეში დარღვევისა და მეტოქე გუნდის უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების გამო სელტიკს საჩემპიონო ტიტული უნდა ჩამოერთვას, მატჩი კი თავიდან გადათამაშდეს ან ჰართსს ტექნიკური მოგება (3-0) ჩაეთვალოს.
შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციაზე (SFA) ზეწოლა იზრდება და მათ უახლოეს პერიოდში სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.