ლა ლიგის 22-ე ტურში ბარსელონამ სტუმრად ელჩე დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ მანუელ მარტინეს ვალეროზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
თამაში სწრაფი გოლით გაიხსნა — უკვე მე-6 წუთზე დანი ოლმოს პასით ლამინ იამალმა ისარგებლა და ბარსა დააწინაურა.
თუმცა, პირველი ნახევრის მიწურულს ანგარიში ელჩეს მთავარმა მეგოლემ, ალვარო როდრიგესმა გაათანაბრა, როცა ერთი ერთზე გასვლის შემდეგ ჟოან გარსიას შანსი არ დაუტოვა.
ბარსელონა დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და ტაიმის მოგება მაინც მოახერხა — ფრენკის პასით ფლიკის გუნდი წინ ამჯერად ფერან ტორესმა გაიყვანა.
მატჩში წერტილი კი მარკუს რაშფორდმა დასვა, რომელმაც ლამინ იამალის პასით ისარგებლა და ბურთის ცარიელ კარში გადაგზავნა აღარ გასჭირვებია.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ინგლისელი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე, ტრავმირებული რაფინიას ნაცვლად გამოჩნდა. ბრაზილიელის დაზიანების სიმძიმე ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
ბარსამ სოსიედადთან მარცხის (1:2) შემდეგ, ლა ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (ოვიედოსთან 3:0, ელჩესთან 3:1), 55 ქულა დააგროვა და მინიმუმ რეალის მატჩამდე ცხრილს კვლავ 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
უკვე დღეს, 1 თებერვალს, რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე რაიო ვალეკანოს უმასპინძლებს და ამ სხვაობის კვლავ 1 ქულამდე დაყვანას შეეცდება.