საქართველოს ნაკრების მცველმა, ლაშა დვალმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"გასაგებია, რომ 11 დღეში 4 თამაშის ჩატარება იოლი არ არის, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენი სამედიცინო შტაბი გვეხმარება, ბრიტანელებთან შეხვედრისთვის სათანადო კონდიციებში ვიყოთ.
რთული პერიოდი ყველა გუნდს შეიძლება ჰქონდეს და ასეთ მონაკვეთს ჩვენ ახლა გავდივართ. ვცდილობთ, ერთიანები, პოზიტიურები და ბრძოლისუნარიანები ვიყოთ.
მოედანზე უნდა გავიდეთ და ვაჩვენოთ ის, რასაც მწვრთნელები დაგვავალებენ, ამოცანების მაქსიმალურად შესრულებაა საჭირო, რადგან ამ ვითარებიდან გამოსვლას მხოლოდ ასე შევძლებთ", - თქვა დვალმა.
ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობაში ლაშა დვალი ყველაზე სტაჟიანია - იგი ეროვნულ გუნდში 2015 წლის 29 მარტიდან თამაშობს, ოთარ კაკაბაძის დებიუტი კი იმავე წლის 8 ოქტომბერს შედგა. დვალს 51 კეპი და 1 გოლი აქვს.
ერთა ლიგის 3 ტურის შედეგებით, საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულა აქვს და ცხრილის ბოლო პოზიციაზეა - უკრაინასა და უნგრეთს 4-4 ქულა აქვთ, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიას - 7.
ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 5 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.
სვანაძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ნაკრებს გოლი ვერ გააქვს