მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით გუნდის თამაშზე ისაუბრა.
გუშინ მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგის 23-ე ტურში არსენალი 3:2 დაამარცხა. 17 იანვარს კი, კერიკის სადებიუტო მატჩში, მანკუნიანელებმა მანჩესტერ სიტის მოუგეს – 2:0.
„კერიკიც და ფეხბურთელებიც დიდ ქებას იმსახურებენ. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება ვარჯიშებზე, მაგრამ აშკარაა, რომ ფეხბურთელები ახლა განსხვავებულად რეაგირებენ ყველაფერზე.
რატომ? შეგვიძლია უსასრულოდ ვიმსჯელოთ. შესაძლოა, რუბენ ამორიმი სახლში ზის და ფიქრობს: რა ჯანდაბას ვუყურებ ახლა ამ ფეხბურთელების შესრულებით? დარწმუნებული ვარ, ისიც, როგორც ყველა ჩვენგანი, გაკვირვებულია ამ ცვლილებებით, მაგრამ გასულ კვირას მაგია დაბრუნდა.
როგორც ჩანს, კლუბში დაბრუნდა მაგია — ის შეგრძნება, თუ როგორ უნდა ითამაშო აგრესიულად, რისკით, როგორ უნდა გაიტანო ლამაზი გოლები, როგორ უნდა შეუტიო სისწრაფით და კონტრშეტევებით. ეს ყველაფერი სწორად გამოიყურება.
და ვფიქრობ, გასულმა კვირამ ერთი რამ დაგვანახა, რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ: სწორედ ასე უნდა თამაშობდეს მანჩესტერ იუნაიტედი, რადგან ასეთი ფეხბურთის ყურება ერთი სიამოვნებაა.
შესაძლოა, ეს სეზონი ჩემპიონთა ლიგის საგზურით არ დასრულდეს. შეიძლება მომავალ კვირას ფულემთან წააგონ. ვინ იცის, რა მოხდება? თუმცა მე არ მგონია, რომ ისინი წააგებენ — ვფიქრობ, ისინი სეზონს ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულებენ.“ — აღნიშნა ნევილმა, რომელმაც კერიკის პირველი მატჩის წინ თქვა, მანჩესტერმა სეზონის ბოლომდე ყველა მატჩიც რომ მოიგოს, ახალი სეზონისთვის მწვრთნელად მისი დატოვება არ შეიძლებაო.