ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში არსენალმა ემირეითსზე მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა.
მატჩში ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, მასპინძლები ლისანდრო მარტინესის ავტოგოლით დაწინაურდნენ. 37-ე წუთზე კი ლონდონელთა შეცდომით ბრაიან მბიუმომ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმი სწრაფი გოლით დაიწყო. 50-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშისა და პატრიკ დორგუს ლამაზი გათამაშების შემდეგ, ამ უკანსკნელმა ბრწყინვალე დარტყმით აიღო დავიდ რაიას კარი და იუნაიტედი წინ გაიყვანა.
84-ე წუთზე არსენალის კლასიკური გოლი ვიხილეთ. კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში არეულობით მიკელ მერინომ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.
ესპანელი ნახევარმცველის გოლიდან 3 წუთში მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ წინ გავიდა. 87-ე წუთზე მატეუს კუნიას ბრწყინვალე გასროლით სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ და საბოლოოდ ემირეითსზე 3 ქულა მოიპოვეს კიდეც.
მაიკლ კერიკის მანჩესტერმა დერბიში სიტის დამარცხების შემდეგ არსენალსაც მოუგო, იუნაიტედი 38 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მე-4 ადგილზეა და მდევარ ჩელსის 1 ქულით უსწრებს.
არსენალი კი, რომელმაც პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი ვერ მოიგო, კვლავ ცხრილის სათავეშია და მანჩესტერ სიტისთან 4-ქულიანი უპირატესობა აქვს.