არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
[გაფრთხილება: ამ წერილში შეხვდებით შავ მამბას, მაგრამ ეს წერილი არ არის კობი ბრაიანტზე; ტექსტში რამდენჯერმე ერნესტ ჰემინგუეიც გაიელვებს, თუმცა ის არც ლიტერატურაზეა; აქ ფეხბურთსაც ითამაშებენ, მაგრამ ვერ ვიტყვი ფეხბურთზე ვწერ-მეთქი. მგონი ეს წერილი კილიმანჯაროს თოვლიან მთაზეა, რომლის ჩრდილქვეშ და ნისლებს მიღმა დაუჯერებელი ამბები ხდება].
იყო ცხოვრებაში დღეები (ან იქნებ თვეები კი), როცა გულწრფელად მწამდა, რომ ნაღდი ფეხბურთი ლეგენდარული სტადიონების ხასხასა მინდვრებზე კი არ ითამაშება, არამედ ჩვენთან, ვაზისუბანში, 172-ე სკოლის უბალახო, ხრიოკ და ქვიან მოედანზე, გაკვეთილების დასრულებისთანავე, პაპანაქება მზის ქვეშ.
მჯეროდა, რომ ვერც ესპანური კლასიკო ან რომაული დერბი ახლოსაც ვერ მოვიდოდა ა და ბ კლასების დაპირისპირებასთან. და თუ თამაშს კლასელი გოგოებიც ესწრებოდნენ, ბოკა ხუნიორსისა და რივერ პლეიტის ჯახი ისვენებდა. ამ შემთხვევებისთვის ვემზადებოდი განსაკუთრებულად. მე ვიყავი მეკარე, მაგრამ რატომღაც კენწვლაში ვვარჯიშობდი. ვკენწლიდი სამს. ჰა-ჰა ოთხს. თუ სატურნი რომელიმე ეტლში იყო შესული და მზეზე რადიაციული ქარიშხლის კვირეული არ უწევდა, შეიძლება ხუთიც ამეკენწლა. და რადგანაც ეს პროცესი თავისი მოუხელთებლობით ძალიან უხერხულად იმზირებოდა, ვვარჯიშობდი სახლში, დახურულ კარს მიღმა, მორიდებით.
მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ეს ამბავი წლების შემდეგ, სახლიდან 7400 კილომეტრის დაშორებით შემახსენებდა თავს.
მოკლედ...
კენიაში ვარ.
მანქანაში ვზივარ.
მანქანა მიქრის.
სანდრო მეკითხება, შენ თუ იცი, აქაურები კილიმანჯაროს რას ეძახიანო.
საიდან უნდა იცოდესო - ტეტე გამომექომაგა.
რო იცოდეს, მაგას თქმას ვერავინ დაასწრებდაო - ნინიამ დაამატა.
მე ამათთვის არა მცალია. ფანჯარაში ვიყურები, დაუჯერებელ რამეებს ვხედავ. ეჭვიდან ვერ ამოვსულვარ ეს ვაზისუბნელი ბიჭი, ნაღდია ეს ყველაფერი თუ სიზმრიდან გადმოყოლილ ნარჩენებთან გაზავდა ცხადი.
შარაგზის განაპირას ზებრები დგანან, ოდნავ სიღრმეებში ჟირაფები დაიზლაზნებიან. ხეებიდან მაიმუნები გვაყოლებენ თვალს. რა დასამალია და შიგადაშიგ წამოგვაძახებენ ხოლმე რაღაც გინებისმაგვარს.
სამხრეთით გვიდევს გზა. იქ სადაც ამბოსელის ნაციონალური პარკია, იქვე ტანზანიის საზღვარი და, რაც მთავარია, დგას კილიმანჯაროს თოვლიანი მთა, რომელზეც შორეულ ბავშვობაში წავიკითხე ჰემინგუეის მოთხრობაში. იქაო ლეოპარდის ფიტულიაო, ნეტა რამ აიყვანა იმ სიმაღლეზეო. ისაო, ესაო. გეხსომებათ. იქიდან მოყოლებული ვირუსივით შემეყარა ოცნება, რომ ერთხელაც აუცილებლად შევისვენებდი ამ მთის ჩრდილქვეშ. „ალბათ იქ ეწერა რას ეძახიან აქაურები და ამომივარდა გონებიდან“ - ვფიქრობ, მაგრამ დიდად არ ვდარდობ.
სასტუმროს შესასვლელში, ტურისტების მიმგებებელ მასაის ტომის მთასავით კაცს ორი კითხვა მივახალე: მეთქი ბიძაჩემო, აქ შავი მამბა თუ ბინადრობს და რო რამე, ხო არ გადამეყრება სადმე? ეს ერთი. და მეორე, კილიმანჯარო საით არის? შეწუხდა კაცი, მე ჯერ სალამი არ დამესრულებინაო და ამან რა კითხვები დამაყარაო. მე შენს ადგილზე გველებზე არ ვიდარდებდიო. აქ მანგუსტები გვყავს გაშვებული და ეგენი მაგათ სინსილას წყვეტენო. შენ ვერ შეხვდები მაგათო. კილიმანჯარო კიდევ იქით არისო - გაიშვირა ხელი სივრცეში - მაგრამ რად გინდაო, ეგ შავ მამბაზე უფრო ძვირი სანახავია წვიმების მერეო.
ღრუბლებში უყვარს თურმე დამალვა თოვლიან მთას და თუ გაგიმართლებს შეიძლება სისხამ დილით ან მიმწუხრის დროს დაგენახოს. ჰემინგუეის აშენებულ სახლში ბარი გაუკეთებიათ და იქაურობის მამასახლისმა კაცმა მითხრა. სხვა არავინ იყო გვიან ღამით ბარში და ესეც გაილექსა. ბიძაჩემი იცნობდა ჰემინგუეისო, აგერ ფოტოზე რო უდგას გვერდით, ესაა ბიძაჩემიო. მეტი დამაჯერებლობისთვის ბიძამისის გამოსახულებას აკოცა. მეთქი გაანათლოს, ჭიქა ავწიე. მერე ოთახის ბოლოში გავარდა შურდულივით, სავარძელები მისწი-მოსწია და აგერო, აქ ედგა საწოლი ჰემინგუეისო. დილაობით აღმოსავლეთით იზამდა პირს, საღამოობით დასავლეთითო. რა ენაღვლებოდა-მეთქი.
ამ მოგზაურობის მომდევნო თავში ის ადგილები მოდის, რომელსაც სიტყვით ვერ აღწერ და თავმოყვარე კაცმა არც უნდა სცადო. ჩაფლავდები. ლომების, სპილოების, ლეოპარდების, გაზელების, ჰიენების, ბეჰემოტების, ფლამენგოების, ჟირაფების, ბიზონების, იქამდე თვალით უნახავი ფრინველების სამყაროში შედიხარ და ყველაფერი, რაც მულტფილმში „მეფე ლომი“, შემდეგ კი National Geographic-ის ფილმებში გინახავს, თვალწინ გიცოცხლდება - განგებ დაფანტული ფაზლი ციმციმ ეწყობა. ხვდები, როგორია სიცოცხლის წრე, რომელზეც მუფასა უყვება სიმბას. რა დაუნდობელი და, ამავდროულად, რა მშვენიერია. ერთი იმაზე ვიყავი დარდიანი, რომ მთის უნახავად ვტოვებდი იქაურობას. ვერ ვხედავდი, მაგრამ მის სიახლოვეს ვგრძნობდი კია.
თუმცა ამ ყველაფრის მნახველს წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ყველაზე გასაოცარი სურათი წინ მელოდა, როცა საღამოხანს ველურ მიდამოებს ვტოვებდით და ბედის შემთხვევითობით, გადაწვენილი აკაციების გასწვრივ, მოტიტვლებულ მიწაზე ფეხბურთის მოედანი შევნიშნეთ. სათამაშო არენა, რომელიც ადამიანის ხელს შეექმნა იმ სოფლის გვერდით, სადაც ჯერ კიდევ ხახუნის ძალით მოიპოვებენ ცეცხლს და მტაცებლებისგან კომბლებით იცავენ თავს. მოწითალო, ხრიოკ მიწაზე ერთმანეთის გასწვრივ ჩაერჭოთ ჯოხები, რომლებიც მიტოვებული საფლავების ქვებივით იყო გადახრილი. ტრიბუნების ნაცვლად კი ველური ბუნება. ბავშვები თამაშობდნენ თავდავიწყებით, თუმცა იცოდნენ,რომ გულშემატკივრის ნაცვლად ბალახებში ან ხეების სიღრმეებში ჩასაფრებული ლომი ან ლეოპარდი იყო მათი მაყურებელი. ამის მიუხედავად დარბოდნენ, პასს აძლევდნენ და გოლებს იტანდნენ ისე ლაღად, რომ ბუნება დუმდებოდა მათი შემხედვარე. ხანდახან ატყორცნილი ბურთი ჩამავალწითელ მზეს შავ ლაქად ემჩნეოდა. თამაშობდნენ იმიტომ, რომ იცოდნენ, ფეხბურთი ამ რისკად ღირდა. ვუყურებდი და მათი შემხედვარე ვფიქრობდი, რომ ვერც მარაკანა თავისი გაშლილი მხრებით, ვერც ენფილდი მისთვის ჩვეული ხმაურით და ვერც ოლდ ტრაფორდი წარსულის დღეების ამოხვნეშით ახლოსაც ვერ მოვიდოდა ამ ხრიოკ მოედანთან.
- კილიმანჯარო! - დაიყვირა ტეტემ.
- კილიმანჯარო! - ვიღრიალე მე.
ნისლებიდან თავი გამოაჩინა მთამ. მომეჩვენა, რომ იმ მომენტში მთელ სამყაროს ირეკლავდა მისი თეთრი ელვარება. მათ შორის ჩემი ბავშვობის იმ მომენტსაც, როცა პირველად წავიკითხე მის შესახებ და იმ წამსაც, როცა ა კლასთან საბედისწერო მატჩში გოლი გავუშვი ბოლო წამზე.
მანქანის დაძვრა არც გვიფიქრია.
- მაინც რას ეძახიან? - ვკითხე სანდროს, როცა მზე თითქმის ჩამდნარი იყო.
- მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ. ამ სოფელში კი მორცხვ მთას ეძახიან.
გასაგები იყო რატომ.
მოვდიოდით და გზად სულ იმაზე მეფიქრებოდა, რას აკეთებს კილიმანჯაროს თოვლიანი მთა, როცა ღრუბლებში იმალება. იქნებ ჩემსავით მორიდებით კენწლის-მეთქი, გავიფიქრე. ოღონდ მზეს. ჰო, რატომაც არა. კი, უეჭველად. ღრუბელს ეფარება და მზეს კენწლის. მაგარია, არა? ოღონდ ვერ გამოსდის, წვალობს. მაგიტომაც იფარებს ნისლებს. ნეტა მარცხენათი კენწლის თუ მარჯვენათი? კილიმანჯარო? ხუმრობ? უეჭველი ცაციაა. ალბათ ეგაა დღე და ღამე - ამოარტყამს და გათენდება.
გზა გრძელი იყო. რა მექნა, რამეზე ხო უნდა მეფიქრა.
განაგრძე კითხვა
ექსკლუზიური სტატიების წასაკითხად, გაიარე ავტორიზაცია
დათო გორგილაძე
კომენტარები
G
GURU192360
ნაცი გორგილაძის სექსუალურ ცოლს შევეცი