მიუხედავად იმისა, რომ არსენალმა ნიუკასლი 1:0 დაამარცხა და პრემიერ ლიგის სათავეში 3-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა, მიკელ არტეტა მსაჯობით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩა.
ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბოლო ორ მატჩში მისი გუნდის მეტოქეებს წითელი ბარათები დააკლეს, რაც საჩემპიონო რბოლის ბედს ცვლის.
VIDEO: ეზეს გამარჯვების გოლი - არსენალი ცხრილში გალიდერდა
ემირეიტსზე გამართულ შეხვედრაში მთავარი სკანდალი მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც ნიუკასლის მეკარე ნიკ პოუპი ვიქტორ დიოკერეშს დაეჯახა. მიუხედავად VAR-ის გადამოწმებისა, მსაჯმა პოუპი მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა, რამაც არსენალის სათადარიგო სკამზე ნამდვილი აფეთქება გამოიწვია.
არტეტამ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა:
ეს არის აშკარა წითელი ბარათი. მომენტს 10-ჯერ ვუყურე. თუ ოდესმე ფეხბურთი გითამაშიათ, იცით, რომ ეს წითელია. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ორ თამაშში, მანჩესტერ სიტისთანაც, როცა კაი ჰავერცი გადიოდა და ხუსანოვი ეხებოდა 1:1-ზე, იქ წყდებოდა ტიტულის ბედი. ეს წითელი ბარათია
არტეტა დარწმუნებულია, რომ პოუპის შემთხვევაში ბურთის ტრაექტორია და მეკარის არარსებობა გადაწყვეტილებას აშკარას ხდიდა:
ეს ის ზღვარია, რომელიც ბევრ რამეს წყვეტს. იმედია, ეს შეიცვლება. ნებისმიერ ფეხბურთელს დაელაპარაკეთ, ბურთის ტრაექტორია, ადგილმდებარეობა... იქ მეკარე არ იყო. ეს სხვა მხარეს რომ მომხდარიყო, წითელი ბარათი იქნებოდა
არსენალის დამრიგებელი ხაზს უსვამს, რომ ის გამართლებას არ ეძებს, არამედ რეალობაზე საუბრობს:
მე ვსაუბრობ ბოლო ორი მატჩის რეალობაზე იმ კრიტიკულ მომენტებში, როცა ყველაფერი სასწორზე დევს. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველაფერი სამართლიანად ხდებოდეს, მაგრამ ასე არ არის. ამაზე მაშინ არ მისაუბრია, როცა წავაგეთ. ახლა ვამბობ, როცა მოვიგეთ. დღეს წითელი ბარათი იყო. მანჩესტერშიც წითელი ბარათი იყო და სამყარო სხვანაირი იქნებოდა. სულ ესაა
გამარჯვების მიუხედავად, არსენალს ახალი საფიქრალი გაუჩნდა. კაი ჰავერცმა და გოლის ავტორმა ებერეჩი ეზემ მოედანი კუნთის დაზიანების გამო ნაადრევად დატოვეს. ოთხშაბათს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის ატლეტიკოსთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. არტეტას თქმით, მათ მდგომარეობას სამედიცინო შტაბი დააკვირდება და გადაწყვეტილებას გამგზავრებამდე მიიღებენ.
დიდი დარტყმა არსენალისთვის - ვარსკვლავების ტრავმები