არსენალისა და უელსის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, აარონ რემზიმ, 35 წლის ასაკში პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
უელსელმა ვარსკვლავმა ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა გულშემატკივრებსა და ყოფილ კლუბებს:
„ეს გადაწყვეტილება იოლი არ ყოფილა. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ფეხბურთიდან წასვლა გადავწყვიტე. პირველ რიგში, მინდა უელსით დავიწყო. ჩემთვის დიდი პატივი იყო უელსის ნაკრების მაისურის ტარება და მასთან ერთად ამდენი დაუჯერებელი მომენტის გამოვლა. მადლობა ყველა მწვრთნელსა და პერსონალს, ვინც ამ გზაზე მეხმარებოდა.
მადლობა „წითელ კედელს“ (უელსის ფანებს). თქვენ ჩვენთან ერთად გამოიარეთ აღზევებაც და დაცემაც, თქვენი წვლილი ჩვენს წარმატებაში განუზომელია. ასევე მადლობა ყველა კლუბს, სადაც თამაშის ბედნიერება მქონდა და რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს — მათ გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.“
2010-იან წლებში რემზი იმით გახდა ცნობილი, რომ მისი გოლის მეორე დღეს რომელიმე ცნობილი ადამიანი კვდებოდა.
საფეხბურთო კარიერა რემზიმ კარდიფ სიტიში დაიწყო, საიდანაც 2008 წელს არსენალში გადავიდა. მოგვიანებით ის თამაშობდა იუვენტუსში (2019–2022), ნიცაში, შემდეგ ისევ კარდიფში დაბრუნდა, ხოლო 2025 წლიდან მექსიკურ პუმასში ასპარეზობდა.