2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩვენმა გუნდმა რიგაში ლატვიის ნაკრები 87:77 დაამარცხა. ეს იყო გუნდის ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იმ ოფიციალური მატჩების წინ, რომელიც ივლისის დასაწყისში გველის - 2 ივლისს რიგაში უკრაინასთან, ხოლო 5 ივლისს თბილისში, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა თავდაჯერებულად დაიწყო და სწრაფადვე დაწინაურდა. პირველი პერიოდის მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოახერხეს ანგარიშში გადასწრება, მაგრამ ქართველებმა მეოთხედის ფინალური ნაწილი კარგად ჩაატარეს.
შედეგად, პირველი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა სოლიდური უპირატესობით - 29:17 მოიგო.
ქართველები კარგად ისროდნენ პერიმეტრიდან, საიმედოდ თამაშობდნენ დაცვაში და ერთ მომენტში თითქმის 20-ქულიან უპირატესობასაც კი ფლობდნენ.
თუმცა, დიდ შესვენებამდე ლატვიელებმა მოახერხეს თამაშის დასტაბილურება და სხვაობის 7 ქულამდე შემცირება - 47:40.
მესამე მეოთხედში სხვაობა თითქმის უცვლელი დარჩა (65:57), ხოლო ყველაზე დრამატული მოვლენები გადამწყვეტ პერიოდში განვითარდა.
ბოლო მეოთხედში ლატვიამ მოახერხა 12-ქულიანი უპირატესობის სრულად გაბათილება, თამაში შემოატრიალა და დასრულებამდე 6 წუთით ადრე 4 ქულით წინაც კი გავიდა.
თამაშში საქართველოს ძირითადი ხუთეულის წევრები დაბრუნდნენ და გუნდმა მაშნვე უპასუხა მეტოქეს - მოაწყო 8:0 გაქცევა და თავად დაწინაურდა 4 ქულით.
ამის შემდეგ ნაკრებმა თამაში დამაჯერებლად ჩაამთავრა და მასპინძლებს გამარჯვების შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობით (87:77) გაიმარჯვა.
მატჩში გამორჩეული მარკის რიდი გახლდათ, რომელმაც მოედანზე თითქმის 30 წუთი გაატარა და 23 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მას კარგად აყვა გოგა ბითაძე, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 17 ქულა და 8 მოხსნა.
ამ შეხვედრაში გუნდის კაპიტანმა დუდა სანაძემ 12 ქულა და 4 პასი ჩაიწერა აქტივში, ხოლო ბექა ბურჯანაძემ (11 ქულა, 3 მოხსნა) და რატი ანდრონიკაშვილმა (11 ქულა, 2 პასი) დააგროვეს.
სათადარიგო სკამიდან პროდუქტიული იყო გიორგი ოჩხიკიძე 7 ქულითა და 2 პასით, ალექსანდრე მერკვილაძემ 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი ტურძილაძემ და ალექსანდრე ფევაძემ თავისი წვლილი შეიტანეს დაცვით როტაციაში. მოედანზე ასევე ვიხილეთ კახაბერ ჯინჭარაძე და გიორგი კობახიძე.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები იურმალაში დაბრუნდა, შემდეგ კი უკვე რიგაში გაემგზავრება, სადაც დაიწყება გუნდის მზადება 2 ივლისს უკრაინასთან გასამართი ოფიციალური მატჩისთვის.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

