იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
Neverkusen ანუ სამი ვერცხლის სეზონის ისტორია
ფეხბურთიფეხბურთი

Neverkusen ანუ სამი ვერცხლის სეზონის ისტორია

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

„ბაიერის“ ყოფილ თავდამსხმელს, დიმიტარ ბერბატოვს, ერთხელ ჰკითხეს, შეარბილა თუ არა 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის ტკივილი იმ ფაქტმა, რომ გლაზგოში ზინედინ ზიდანმა ფანტასტიური სილამაზის გოლი გაიტანა.


„თფუი, არანაირად! არაფერიც არ შეურბილებია! ზიდანის უკან ვიდექი, როცა ბურთის დაშვებას აკვირდებოდა. ზოგჯერ გოლის მოახლოებას აშკარად გრძნობ… ვხვდებოდი, რომ ზიდანი ბურთს ზუსტად ისე დაარტყამდა, როგორც ქნა. მე კი წამიერად გამეფიქრა: არა, გთხოვ, ოღონდ ეს არა!...“ — უპასუხა ბულგარელმა.


ბერბატოვის სასოწარკვეთილება მარტივი გასაგებია, რადგან ზიზუს შეუდარებელმა ვოლეიმ კიდევ უფრო დიდი სიმწარე დაატეხა თავს იმ სეზონში ბრწყინვალედ მოთამაშე „ბაიერს“, რომელსაც მეტწილად უიღბლობის გამო ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე უკვე მეორე ადგილები ჰქონდა დაკავებული. 



„ვამაყობ იმით, რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ. ისევ მეორენი გავხდით, მაგრამ სეზონის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდით, გიჟად ჩათვლიდნენ. ვფიქრობ, რომ ის, რაც გავაკეთეთ, შეუძლებელი იყო იმ პრობლემების ფონზე, რაც გვქონდა, თუმცა ფეხბურთში ყოველთვის არ იღებ იმას, რასაც იმსახურებ და ამაზე უკეთესად ეს არავის ეცოდინება იმის შემდეგ, რაც გამოვიარეთ“, — განუცხადა ლევერკუზენელთა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა ჟურნალისტებს „ჰემპდენ პარკზე“ მარცხის შემდეგ.


მართლაც, ალბათ არცერთ გუნდს არ განუცდია იმხელა გულგატეხილობა ერთ სეზონში, როგორც Neverkusen-ად წოდებულ „ბაიერს“ — ერთი შეხედვით საკმაოდ გამართულ, დაბალანსებულ და ლამაზ გუნდს, მაგრამ ამავდროულად დაწყევლილს, რომელიც 2001-02 წლების სეზონის მაისს სამი ტიტულის იმედით შეჰყურებდა, საბოლოოდ კი კოშმარულ რეალობაში აღმოჩნდა და მთელი თავისი ძალისხმევის სანაცვლოდ ხელში მხოლოდ სამი ვერცხლის მედალი შერჩა...


ტოპმიოლერი „ბაიარენაზე“ 2001 წლის ივლისში მივიდა როგორც - ბერტი ფოგტსის სარისკო შემცვლელი. ლეგენდად მიჩნეული ფოგტსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმისდა მიუხედავად, რომ ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილის დაკავებით ჩემპიონთა ლიგის საგზური ჰქონდა მოპოვებული. ტოპმიოლერმა კარგი სამუშაო კი გასწია „ბოხუმსა“ და ქვედალიგელ „ზაარბრიუკენში“, თუმცა უმაღლეს დონეზე მის გარჯას ბევრი ალმაცერად უყურებდა, რადგან გადამეტებული მწეველი და ალკოჰოლის მოყვარული მწვრთნელი ნამდვილად არ იყო საუკეთესო კანდიდატი „ფარმაცევტების“ სათავეში ჩასადგომად.


თავად ფოგტსმაც ღიად განაცხადა, რომ ლევერკუზენელები ტოპმიოლერის ხელში გერმანიის პირველობაზე მეექვსე ან მეშვიდე ადგილზე გავიდოდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი არაფრის შანსი არ ჰქონდათ…


მაგრამ რისკიანმა და ქარიზმატულმა კლაუსმა თავის ხასიათსა და კვალიფიკაციაზე ეჭვები შემდეგნაირად გაფანტა: „ფეხბურთის მანიაკი ვარ. სხვებს სისხლში წითელი და თეთრი უჯრედები აქვთ, მე კი - პატარა ბურთები!“ 


ახალი სეზონის წინ ლევერკუზენი მეკარე ადამ მატისეკმა, რობერტ კოვაჩმა და იორგ რეებმა დატოვეს (ნოემბერში წავიდა პაულო რინკიც), საპასუხოდ კი „ფარმაცევტების“ რიგები მეკარე ჰანს-იორგ ბუტმა, ზოლტან შებეშცენმა და ილდირაი ბაშთურქმა შეავსეს. გუნდში ერთობლივმა ნიჭმა იფეთქა და „ბაიერმა“ ბუნდესლიგის სეზონი ფურორით დაიწყო: 14-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის განმავლობაში, შესაძლო 42 ქულიდან, გუნდმა 36 მოიპოვა და ლაღი, შემტევი და მრავალფეროვანი ფეხბურთის თამაშით არათუ ნეიტრალური პუბლიკა, არამედ ნეგატიურად განწყობილი პურიტანებიც კი მოხიბლა.



გამოცდილი მეკარე ჰანს-იორგ ბუტი კარგ სეზონს ატარებდა, იენს ნოვოტნი და ბრაზილიელი ლუსიო შესანიშნავად ავსებდნენ ერთმანეთს დაცვის ცენტრში, მათზე წინ მყოფი კარსტენ რამელოვი კი დამაჯერებლად აზღვევდა მცველებს.


მარცხენა ფლანგზე არგენტინელი მცველი დიეგო პლასენტე და ბრაზილიელი გარემარბი ზე რობერტო სისწრაფითა და ტექნიკით გამოირჩეოდნენ, მარჯვენა მცველის პოზიცია კი ხორვატ ბორის ჟივკოვიჩს ეკავა, რომლის წინაც სხარტი ბერნდ შნაიდერი ანდა შებეშცენი მოქმედებდა.


შემტევი ნახევარდაცვა და თავდასხმის ხაზი გუნდში საუკეთესო იყო: ილდირაი ბაშთურქი და მიხაელ ბალაკი ნაყოფიერად ამარაგებდნენ ფორვარდებს პასებით. თურქისგან განსხვავებით, გერმანელ ვარსკვლავს გოლებიც უხვად გაჰქონდა და ხსენებულ სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 23 გოლით, საიდანაც 17 ბუნდესლიგაში გაიტანა.


მეტოქეთა კარის აღებაზე პასუხისმგებლები კი დიმიტარ ბერბატოვი, ოლივერ ნოივილი და ვეტერანი ულფ კირსტენი იყვნენ — სამი განსხვავებული უნარების მქონე თავდამსხმელთა ტრიო, ვისაც საჭიროებისამებრ ეხმარებოდა თადარიგში მყოფი თომას ბრდარიჩი.



ზამთრის პერიოდში განცდილმა ხუთმა მარცხმა ტოპმიოლერის კრებულის სატიტულო ამბიციები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, მაგრამ ლევერკუზენელებმა კრიზისი მალე დაძლიეს და კიდევ ერთი დაუმარცხებელი სერია გამოაცხვეს, რა დროსაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ხუთი ქულით გაუსწრეს, ბუნდესლიგის დასრულებამდე კი სულ სამი ტურიღა რჩებოდა... 


იმ მომენტისთვის „ბაიერს“ გერმანიის თასის ფინალის საგზურიც მოპოვებული ჰქონდა და, რაც მთავარია - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სერ ალექს ფერგიუსონის ნაქები „იუნაიტედის“ ბარიერიც გადალახული.


ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ტურინის „იუვენტუსთან“ 0:4 განცდილი მარცხის შემდეგ „ბაიერი“ ევროპის მთავარი საკლუბო თასის მოპოვების პრეტენდენტს საერთოდ არ ჰგავდა. „ბიანკონერის“ დამრიგებელმა მარჩელო ლიპიმ გერმანულ კლუბს დასცინა კიდეც — ვერასოდეს წარმოვიდგენდი ლევერკუზენელებთან თამაში ასეთი ადვილი თუ იქნებოდაო...


„ლიპის ნათქვამმა ძალიან გამაღიზიანა და დავიფიცე, რომ ლევერკუზენში ამისთვის პასუხს მოვთხოვდით. მეტოქეს 3:1 მოვუგეთ და პრესკონფერენციაზე ჩემი პირველი ფრაზა იყო: არასოდეს მეგონა, „იუვესთან“ თამაში ასეთი ადვილი თუ იქნებოდა-მეთქი!“ — გაიხსენა წლების შემდეგ ტოპმიოლერმა Werkself Magazine-თან საუბარში.



ტურინელების ძლევიდან მომდევნო კვირას გამართულ უკანასკნელ ტურში ლევერკუზენმა საკმაოდ ძლიერი „დეპორტივო“ მისივე „რიასორზე“ დაამარცხა და პირველი პოზიცია დაიკავა ჯგუფში, სადაც ფავორიტები „არსენალი“ და „იუვენტუსი“ იყვნენ.


უპრესტიჟულეს ევროტურნირზე „ოცნებების თეატრად“ წოდებულ „ოლდ ტრაფორდზე“ ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაში, ბევრის აზრით, ლევერკუზენის „ბაიერის“ მხრიდან საუკეთესო გამოსვლა იყო იმ სეზონში. ტოპმიოლერმა იდეალურად წარმოაჩინა თავისი ავანტიურისტული საფეხბურთო ფილოსოფია და უამრავი გულშემატკივრის, სპეციალისტისა თუ სკეპტიკოსის თვალში, პატარა გერმანული კლუბი მრისხანე მადრიდის „რეალთან“ ფავორიტადაც კი შეირაცხა. 



მაგრამ ლევერკუზენელებს დაღლილობის ნიშნები უკვე ეტყობოდათ. შინ „ვერდერთან“ და სტუმრად „ნიურნბერგთან“ ზედიზედ განცდილმა მარცხებმა მათიას ზამერის გაწვრთნილ დორტმუნდელებს ბუნდესლიგის ლიდერობის მოპოვების საშუალება გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მისცა და მიუხედავად იმისა, რომ 4 მაისს გამართულ უკანასკნელ ტურში „ბაიერმა“ ბალაკის დუბლით „ჰერტა“ 2:1 დაამარცხა, პარალელურად ვესტფალიელებმაც იგივე ანგარიშით სძლიეს ბრემენელებს და ჩემპიონატი სულ რაღაც 1 ქულის სხვაობით მოიგეს.



მომდევნო კვირას, 11 მაისს „შალკესთან“ დაგეგმილი გერმანიის თასის ფინალის წინ კლაუს ტოპმიოლერის გუნდზე ზეწოლა პიკს აღწევდა და დედაქალაქ ბერლინში ეს ტვირთი მათთვის მძიმე გამოდგა: „ფარმაცევტები“ ბერბატოვის გოლით მალევე დაწინაურდნენ, თუმცა გელზენკირხენელებისგან ოთხი ბურთი გაუშვეს და ძირითადი დროის ამოწურვამდე ერთი წუთით ადრე კირსტენმა მხოლოდ სხვაობაღა შეამცირა…



ლევერკუზენის ორმაგმა იმედგაცრუებამ განაპირობა ის, რომ მთელი სეზონის ბედი 15 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალის“ დაჯაბნაზე გახდა დამოკიდებული. 


„დაუშვებელია, რომ ეს დიდებული გუნდი ბოლოს ხელცარიელი დარჩეს. ეს ფეხბურთის ღმერთების ნება არ უნდა იყოს“, — წერდა პრესტიჟული გერმანული გამოცემა Bild.


ზედმეტია გლაზგოური ფინალის, გოლების, დაძაბულობის, პერიპეტიების, მომენტებისა თუ შეცვლაზე გამოსულ იკერ კასილიასის პერფორმანსის აღწერა, ფეხბურთის ყველა ქომაგმა კარგად იცის, ვისენტე დელ ბოსკეს „გალაქტიკოსმა“ უიღბლო გერმანულ გუნდს მესამე ვეცრხლი როგორ არგუნა...




„მადრიდელებზე უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ვიყავით, რაც უცნაურიც კი იყო. მანჩესტერში საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ძლივსღა ვსუნთქავდით, მაგრამ ორი კვირის თავზე გლაზგოში სრულიად განახლებულებმა ვითამაშეთ. ფეხბურთში ყველაფერს ვერ ახსნი, მაგრამ როცა „რეალთან“ მატჩის ბოლო ნახევარ საათს ვიხსენებ, ისინი ფეხზე ძლივს იდგნენ, ჩვენ კი სრული უპირატესობით ვდომინირებდით. რომ გაგვმართლებოდა და ანგარიში გაგვეთანაბრებინა, დარწმუნებული ვარ, დამატებით დროში პირწმინდად დავამარცხებდით მეტოქეს“, — განაცხადა მოგვიანებით მიხაელ ბალაკმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში წაგებიდან ერთ თვეში კიდევ უფრო დიდი გულისტკენა მუნდიალზე იმწვნია და გერმანულ გრანდს, მიუნხენის „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.


გლაზგოურ ფინალამდე „ბაიერის“ სპორტულმა დირექტორმა რაინერ კალმუნდმა გულწრფელად თქვა — ტიტულის გარეშე ამ სამყაროში არაფრად ღირხარო... ფეხბურთის ჩინოსანი მისი კლუბის ფეხბურთელების, მწვრთნელისა თუ გულშემატკივრების მსგავსად დააღონა ფორტუნის სიმუხთლემ, ამიტომაც 2003 წლის თებერვალში, ცუდი შედეგების სერიის შემდეგ ტოპმიოლერის გათავისუფლება მოულოდნელი აღარ ყოფილა…


მიუხედავად ყველაფრისა, კლაუს ტოპმიოლერი მაინც ამაყობს ლევერკუზენში გატარებული პერიოდით და აცხადებს, რომ ყველაფერს სინანულის გარეშე იხსენებს და დაკარგულ ტიტულებზე არ წუხს, რადგან ყოველთვის ხალხისთვის სანახაობრივად მიმზიდველი თამაშის ჩვენება სურდა და მისი აზრით, ფეხბურთი პირველ რიგში შთაგონების მიმცემი იყო, რისი გაკეთებაც „ბაიერმა“ მისი ხელმძღვანელობით ნამდვილად შეძლო.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლევერკუზენი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლევერკუზენი მწვრთნელის გარეშე რჩება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევერკუზენი მწვრთნელის გარეშე რჩება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - გრიმალდო ლა ლიგაში ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - გრიმალდო ლა ლიგაში ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალმა პიერო ინკაპიე ოფიციალურად გამოისყიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალმა პიერო ინკაპიე ოფიციალურად გამოისყიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: გრიმალდო ატლეტიკოს ფეხბურთელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: გრიმალდო ატლეტიკოს ფეხბურთელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 მაი, 2026

ლევერკუზენი მწვრთნელის გარეშე რჩება?

News image

24 ივნ, 2026

შეთანხმება შედგა - გრიმალდო ლა ლიგაში ითამაშებს

News image

25 ივნ, 2026

არსენალმა პიერო ინკაპიე ოფიციალურად გამოისყიდა

News image

30 ივნ, 2026

ოფიციალურად: გრიმალდო ატლეტიკოს ფეხბურთელია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება