არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
11 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
aPeople-ის ოფისში ვიზიტის დროს მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
დასვენება და კარიერის დასრულება
„რაც შეეხება ზღვარს, მინდა რომ მაქსიმალურად დავიხარჯო და ვერ ვხედავ, როდის შეიძლება დავასრულო კარიერა. მინდა რომ დაუსრულებლად გავაგრძელო, რადგან თითოეული ბრძოლა UFC-ში დიდი წარმატებაა, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის სახელია. რაც მთავარია ეს საქმე კარგად გამომდის და სანამ შემიძლია, მინდა რომ ვიშრომო, ვიბრძოლო და გაჩერებას არ ვაპირებ.
რა თქმა უნდა, ვიზრდები, ვვითარდები და ყველაფერი წინ არის. რა თქმა უნდა ძალა და მოტივაცია არ მაკლია, რადგან ვიცი, რამხელა ძალაა ჩვენი ქვეყნისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომ ვიცხოვრო ჯანსაღად, სპორტულად და გავაკეთო მაქსიმუმი."
ო'მალისთან საბმიშენი
„ვიცოდი, რომ წინასგან განსხვავებული ბრძოლა იქნებოდა. უფრო ველოდი, რომ ტექნიკური ნოკაუტი იქნებოდა, ანუ დარტყმებით მოვუგებდი, მაგრამ მტკივნეულ ილეთებზეც რა თქმა უნდა ვმუშაობდი.
ასეთი ილეთის შესრულება წინა ბრძოლაშიც ვცადე, თუმცა დრო არ მქონდა, 10 წამი იყო დარჩენილი და ვიცოდი, რომ არ დამნებდებოდა, ამიტომაც ვაკოცე (იცინის).
ბოლოს ისეთი მახრჩობელა გავუკეთე, რომ თითქმის არ ჰქონია გაქცევის საშუალება და გაამართლა."
P4P რეიტინგი
„რა თქმა უნდა სასიამოვნოა, რომ p4p რეიტინგში მეორე ვარ. ეს დამატებითი მოტივაციაა, მაგრამ ჩემში არაფერს არ ცვლის.
მე უკვე შემდეგ ბრძოლაზე ვარ მოტივირებული, აქამდე რაც მოხდა ჩემთვის უკვე წარსულია. შემდეგ ბრძოლაზე და შემდეგ გამარჯვებაზე ვფიქრობ, რეიტინგის საკითხი კი ხალხმა და მედიამ შეაფასოს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის არაფერს არ ცვლის."
ო'მალისთან რემატჩი
„ოფიციალურად პირველი რემატჩი იყო ჩემს კარიერაში, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში, აშშ-ში წასვლამდე 9 ბრძოლა მაქვს ჩატარებული, რაც სამწუხაროდ არ მიფიქსირდება. ჩემთან ერთად ვინც იბრძოდა იმ დროს იმ ბიჭებს ეს ბრძოლები უფიქსირდებათ, მე კი არა, არც ვიცი, როგორ უნდა დავამატო.
ამიტომ, ჩემთვის რეალურად ეს მეორე რემატჩი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ამ ბრძოლისთვის მაქსიმალურად მოვემზადე. შონ ო'მალი ამბობდა, რომ 70%-ით უკეთესი იქნებოდა და დავიჯერე ეს ყველაფერი.
რთული იყო განწყობა ამ ბრძოლისთვის, იმიტომ რომ პირველ ბრძოლაში ძაან ადვილად და სიფრთხილით მოვიგე და მეორე ბრძოლისთვის მოტივაცია ცოტა რთული საპოვნელი იყო, რადგან მას უკვე ვიცნობ და ხანდახან ის მოტივაცია არ გაქვს, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშო და მაქსიმუმი გააკეთო.
თუმცა, მაინც კარგად გავაკეთე და როგორც ვნახეთ, ნებისმიერი მოვლენებისთვის მზად ვიყავი. პირველ ბრძოლაში ქამრისთვის პირველად ვიბრძოდი და მთავარი იყო ქამრის მოპოვება, ამიტომ უფრო სიფრთხილით ვუდგებოდი. მეორე ბრძოლაში თავს გაცილებით თავისუფლად ვგრძნობდი."
თოფურია vs ოლივეირა
„ჩარლზ ოლივეირასთვის ილია თოფურიას დამარცხება შეუძლებელია. ყველამ ვიცით, დგომში ილია რა ძლიერია, როგორი დარტყმები აქვს და თუნდაც მიწაზე, ილიასაც ძალიან მაგარი ჯიუ-ჯიცუ აქვს და საითაც არ უნდა წავიდეს ბრძოლა, ილიას უპირატესობა იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ის გატეხავს და ნოკაუტით მოიგებს.
ვფიქრობ, დგომში წავა ჩხუბი, იმიტომ რომ ილია ძალიან ჭკვიანია, ძლიერია, ძალიან ახალგაზრდაა და არ არსებობს, რომ წააგოს. ამ ბრძოლას ილია მოიგებს დარწმუნებული ვარ."
UFC ღონისძიება საქართველოში
"ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოში ჩატარდეს UFC. ჩემი მენეჯერი დენიელ რუბი არის, რომელმაც მოაწყო შეხვედრა, დაიძრა საქმედა ვნახოთ, რამდენად გამოგვივა. პირველ რიგში, 16 ათას ადამიანზე გათვლილი არენა უნდა გვქონდეს, რომელიც არ გვაქვს და არის კიდევ რაღაც ნიუანსები."
დარბაზები საქართველოში
"დაწყებული მაქვს ამაზე მუშაობა. რამდენიმე კარგი დარბაზი მინდა ავაშენო საქართველოში, სხვადასხვა ქალაქში. სისტემა, რაც დარბაზში ჯონ ვუდს აქვს - რომელ საათზეა ვარჯიშები, რა სისტემით ვარჯიშობენ, ჯიუ-ჯიცუ ცალკე, მუაი-ტაი ცალკე, კიკბოქსინგი ცალკე - ეს მინდა გადმოვიტანო. არ არის საჭირო ჩამოყვანა, გადავამზადებთ ქართველებს.
MMA არის ახალი სპორტი და მაგალითად, ძიუდოში ყოველდღურად არის გაწერილი. MMA კი ბევრ რამეს მოიცავს და ეს ერთად უნდა იყოს შერწმული, რაც ნიუ იორკში ახლაც არ არის განვითარებული, უბრალოდ სპარინგ პარტნიორში, ალჯამაინ სტერლინგში გამიმართლა და ინდივიდუალურად მოვინდომე. ასე რომ, ამაზე დაწყებული გვაქვს მუშაობა."
რჩევა ახალგაზრდებს
"მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, არ უნდა დანებდნენ. წაგებისგან უნდა ისწავლონ. დამწყებებისთვის სამოყვარულო სტატისტიკა არ აისახება, მაგრამ როცა პროფესიონალებში გადავლენ, პროფესიონალურ რეკორდს უნდა ყურადღება და იქ არ შეიძლება რისკი, 500$-ის გამო არ უნდა გაიფუჭო სტატისტიკა.
ვისაც დებიუტი აქვს MMA-ში იმას ებრძოლო, შენ თუ 3 მოგება გაქვს, ისეთივე მეტოქეს უნდა ეჩხუბო და არა 15-0-ზე ვისაც აქვს. ჭკვიანური ნაბიჯებია საჭირო და არაფერია საჩქარო.
რაც მთავარია - ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი კვება, არა ალკოჰოლი და თამბაქო და რაც გამძლეობას ვნებს."
არდანებება
"მარცხი MMA-ში ძალიან მწარე და მტკივნეულია, მაგრამ მარცხისგან უნდა ისწავლო, დანებება ყოველთვის შეგიძლია და თუ ისწავლი მარცხისგან და სხვა მიზეზებს არ დააბრალებ და შენს თავს გამოასწორებ, აუცილებლად უკეთესს შედეგს დადებ მომავალში.
მორიგი ქართველები UFC-ში
"რაც შეეხება ქართველ სპორტსმენებს ვის უნდა ველოდოთ UFC-ში - ლევან ჩოხელი, ამირან გოგოლაძე, ოთარ ტანზილოვი, მათე სანიკიძე, ასევე ზვიად ლაზიშვილი UFC-ში უნდა დაბრუნდეს, რომელიც აქტიურად ვარჯიშობს და მასთან ერთად ვემზადებოდი კემპში.
ალექსანდრე თოფურიაზე
"კარგი პრობლემა იქნება თუ ალექსანდრე ხუთეულში შევა, მე ჩემპიონი ვიყო და თუ ერთმანეთში მოგვიწევს ბრძოლა, მე სიამოვნებით დავთმობ ქამარს და საქართველოს მაგ წონაში კიდევ ეყოლება ჩემპიონი.
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები