გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც იტალიის სერია ბ-დან უმაღლეს დივიზიონში აღზევდნენ.
ერთ-ერთი მათგანი 1907 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბი კომო არის, რომელიც სერია ა-ს 21-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
კომო საინტერესო პროექტია, რომელსაც სათავეში საინტერესო და ცნობილი სახეები უდგანან.
2019 წელს კლუბი სერია D-ში ყოფნის დროს ინდონეზიურმა Djarum ჯგუფმა იყიდა. 2022-23 წლებში გუნდს მოთამაშის რანგში სესკ ფაბრეგასი შეუერთდა, კარიერის დასრულების შემდეგ კი ესპანელმა სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც გახდა.
კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ინგლისის ნაკრებისა და ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი დენის უაიზი არის, მთავარი მწვრთნელი კი უელსელი რობერტსია, რომელსაც უელსის ნაკრებსა და კრისტალ პალასში უმუშავია ასისტენტ მწვრთნელად.
პროექტთან კავშირი აქვს ტიერი ანრისაც, რომელიც სესკ ფაბრეგასთან ერთად კლუბის აქციების მფლობელია.
კომომ სერია ა-მდე რთული გზა გამოიარა. კლუბი ბოლო 2 დეკადის განმავლობაში 2-ჯერ გაკოტრდა, ბოლო 6 წელიწადში კი გუნდი უკვე მესამედ აღზევდა მომდევნო დივიზიონში.
გუნდმა სერია ბ-ს სეზონში 38 მატჩში 73 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი პარმას ერგო, რომელიც ასევე უბრუნდება სერია ა-ს.
კომომ უკან ვენეცია, კრემონეზე, კატანცარო, პალერმო, სამპდორია და ბრეშა მოიტოვა, რომლებიც უძლიერესის ვინაობას პლეიოფში გაარკვევენ.
გუნდის მთავარი ვარსკვლავი ამ სეზონში მილანის, ვულვზის, ფიორენტინასა და ვალენსიას ყოფილი მოთამაშე პატრიკ კუტრონე იყო, რომელმაც 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კომოსთვის მომდევნო სეზონი სერია ა-ში ისტორიაში მე-14 იქნება, აქამდე გუნდის საუკეთესო შედეგი 1950 წლის სეზონში მე-6 ადგილი იყო.