ინტერ მაიამის მფლობელმა ხორხე მასმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის ანაზღაურება წელიწადში დაახლოებით 70–80 მილიონ დოლარს აღწევს.
„იმის გამო, რომ მოთამაშეები ძვირი ღირს, მე სპონსორები მჭირდება და ისინი მსოფლიო დონის უნდა იყვნენ. მე მესის ვუხდი და ეს ყოველი პენი ღირს, მაგრამ ეს წელიწადში 70–80 მილიონ დოლარს აღწევს. ყველაფრის ჩათვლით." - მასის სიტყვებს Bloomberg ციტირებს.
MLS-ის მოთამაშეთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ხელფასების მიხედვით, მესის საბაზისო ხელფასი 12 მილიონი დოლარია, ხოლო გარანტირებული კომპენსაცია - 20.45 მილიონი დოლარი. კავშირის მეთოდით ეს თანხა ითვლება ყველა ბონუსის დამატებით, რომელიც კონტრაქტის მთელ პერიოდზეა გადანაწილებული.
გასულ სეზონში მესი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო. მას მოსდევდნენ:
სონ ჰიონგ-მინი (LAFC) - 11.15 მილიონი დოლარი გარანტირებული კომპენსაცია
სერხიო ბუსკეტსი (ინტერ მაიამი) - 8.75 მილიონი დოლარი
თუმცა მესიმ ინტერ მაიამისთან ისეთი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კლუბის საკუთრების პროცენტულ წილს მოიცავს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი შეთანხმების საერთო ღირებულებას.
2023 წელს, სანამ მესი კლუბს შეუერთდებოდა, მაიამის ღირებულება დაახლოებით 585 მილიონ დოლარს შეადგენდა. Forbes-ის ბოლო შეფასებით კი ამ სეზონში კლუბი 1.35 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მასს, MLS-სა და მესის ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, რა ზომის წილი აქვს მესის კლუბში, მაგრამ მასის შეფასებები მიუთითებს, რომ მისი ღირებულება შეიძლება წლიურად მინიმუმ 60 მილიონ დოლარს აღწევდეს.
ასევე, MLS-ში გადასვლის შემდეგ მესიმ ცალკე შეთანხმებები გააფორმა Fanatics-თან და Apple-თან. ამ გარიგებებიდან მიღებული შემოსავალი, ისევე როგორც ნებისმიერი შეთანხმება ადიდასთან (რომელსაც ადრე კონტრაქტი ჰქონდა როგორც მესისთან, ისე MLS-თან), ინტერ მაიამის კონტრაქტში არ შედის.