საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მეექვსე ტური ქართველი მორაგბეების ტრიუმფით დასრულდა.
ოიონამ გასვლაზე ნარბონი ანგარიშით 57:14 გაანადგურა, რაშიც საქართველოს ნაკრების ლეგიონერებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
ლუკა მატკვამ თავის გუნდს 22 ქულა მოუტანა, მიმდინარე სეზონში მესამე ლელო მიითვალა, 7 გარდასახვა და ერთიც ჯარიმა ზუსტად შეასრულა. იმავე ოიონას შემადგენლობაში, ზედიზედ მეორე მატჩში, ლელოთი გამოირჩა ვანო კარკაძე.
წარმატებული ტური ჰქონდა მონტობანსაც, რომელმაც შინ 32:24 დაამარცხა ბრივი. მატჩში მიმდინარე სეზონის პირველი ლელო დადო დაჩი პაპუნაშვილმა.
ორიაკმა ბიარიცი 52:33 დაამარცხა, სადაც მასპინძელთა შორის თავი ირაკლი მჭედლიძემ გამოიჩინა და სეზონში თავისი მესამე ლელო მიითვალა, ხოლო ბეზიეს რიგებში ნიკა სუთიძემ სეზონის სადებიუტო ლელო გაიტანა.