ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრშია და ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, რაც პსჟ-ში მისი ფანტასტიკური სეზონისა და ჩემპიონთა ლიგაზე დამყარებული ისტორიული რეკორდის დამსახურებაა.
ის გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ლიგის ერთი სეზონის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში შეძლო გოლის ან საგოლე გადაცემის დაგროვება.
ფინალისკენ მიმავალ გზაზე 25 წლის ქართველმა ვინგერმა არაერთი საოცარი მომენტი შემოგვთავაზა. ჩელსისთან მერვედფინალში გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ, მან ლივერპულთან დაპირისპირებაში ნამდვილი შოუ მოაწყო. მისი სოლო რეიდი, როდესაც მცველები და მეკარე მოატყუა, ბრიტანულმა პრესამ ლეგენდარული ჯორჯ ბესტის სტილს შეადარა.
ნახევარფინალში, მიუნხენის ბაიერნთან გამართულ მძიმე ორთაბრძოლებში, ხვიჩამ ჯერ დუბლი შეასრულა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში, როდესაც გუნდი ძირითადად დაცვაში იდგა, უდიდეს ფიზიკური დატვირთვას გაუძლო. მან 15-დან 11 დუელი მოიგო და უსმან დემბელეს საგოლე პასიც უბოძა.
ლუის ენრიკეს ხელში კვარაცხელია მხოლოდ კრეატიულ შემტევად აღარ მოიაზრება. ის მოედანზე ორ მოვალეობას ითავსებს და დაცვაშიც საოცარი თავგანწირვით შრომობს. თავად ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მწვრთნელთან იდეალური ურთიერთობა აქვს და მზად არის გუნდისთვის ნებისმიერი შავი სამუშაო შეასრულოს.
მისმა ასეთმა უნივერსალურობამ და გუნდურობამ ლეგენდების აღფრთოვანება გამოიწვია. სტივენ ჯერარდმა მას პირდაპირ მსოფლიოს საუკეთესო ვინგერი უწოდა, რომელიც სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით დაცვაშიც ბოლომდე იბრძვის, ხოლო კლარენს ზეედორფმა მისი საფეხბურთო ინტელექტი შეაქო და აღნიშნა, რომ კვარაცხელია უკვე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა მსოფლიოზე ვერ ითამაშებს, მას წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის. თუ პსჟ ევროპულ ტიტულს კიდევ ერთხელ მოიგებს, ხვიჩას შანსები უპრეცედენტოდ გაიზრდება.
თავად ფეხბურთელი ინდივიდუალურ პრიზებზე არ ფიქრობს და მხოლოდ იმაზეა კონცენტრირებული, რომ ყოველდღიური მუშაობით საკუთარი თავის კიდევ უფრო უკეთესი ვერსია გახდეს.